Thumbnail
  • ბარსელონა 2:3 ატლეტიკო
  • გოლები: 0:1 კოკე (46), 1:1 მესი (51), 2:1 გრიზმანი (61), 2:2 მორატა (81-პენ.), 2:3 კორეა (86)

საუდის არაბეთში მიმდინარეობს ესპანეთის სუპერთასის გათამაშება, რომელშიც პირველად ისტორიაში 2-ის ნაცვლად 4 გუნდი მონაწილეობს. პირველ ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის რეალმა 3:1 მოუგო ვალენსიას და ფინალში გავიდა, მეორე ნახევარფინალში კი ბარსელონა მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდა.

გულშემატკივარმა საოცრად დაძაბული, დრამატული და სანახაობრივი შეხვედრა იხილა, რომელიც მადრიდის ატლეტიკოს გამარჯვებით დამთავრდა. ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას მთელი 90 წუთის განმავლობაში ბარსა ფლობდა, თუმცა ფინალში სწორედ დიეგო სიმეონეს გუნდი გავიდა.

პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა, მეორე ნახევარში კი გულშემატკივარმა 5 გატანილი გოლი იხილა! უფრო სწორად 7, თუმცა ორჯერ საქმეში VAR ჩაერია და გოლები გაუქმდა. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით...

მესის კარგი თამაშის მიუხედავად, ბარსელონა დამარცხდა

მეორე ტაიმი წამების დაწყებული იყო, როდესაც ატლეტიკომ ეფექტური კომბინაცია გაითამაშა, ზუსტი დარტყმით კი თავი შეცვლაზე შესულმა კოკემ გამოიჩინა, 0:1. ბარსელონამ შეტევები გააძლიერა და მალევე აღდგა სტატისქვო. 51-ე წუთზე, ლუის სუარესის კარგი თამაშის შემდეგ, ლიონელ მესიმ ზუსტად დაარტყა და 1:1. მალევე, მესიმ საოცრად დაამუშავა ბურთი და კიდევ ერთხელ აიღო ობლაკის კარი, თუმცა ეპიზოდი გადამოწმდა და გოლი გაუქმდა. მსაჯმა ჩათვალა, რომ მესის ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა გადაწყვეტილება საკამათო იყო.

ბარსამ განაგრძო შეტევები და 62-ე წუთზე მაინც დაწინაურდა. ლუის სუარესის თავურის შემდეგ, ობლაკმა გაიბრწყინა, თუმცა დამატებაზე გრიზმანმა ითამაშა და ყოფილ გუნდს გაუტანა, 2:1. შემდეგ იყო ბარსელონას კიდევ ერთი გაუქმებული გოლი, როდესაც თამაშგარე არტურო ვიდალზე დაფიქსირდა და აქაც მსაჯის გადაწყვეტილება საკამათო იყო. 

დაძაბული და დრამატული მატჩი ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში

დარჩენილ დროში, მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. ატლეტიკომ ჯერ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი წინ გავიდა. 81-ე წუთზე, ალვარომ მორატამ თერთმეტმეტრიანით აღადგინა წონასწორობა, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი ანხელ კორეამ გამარჯვების გოლი შეაგდო, 2:3. იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც მსაჯს ბარსელონას კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნა შეეძლო, როდესაც საჯარიმოში პიკეს ბურთი აშკარად ხელზე მოხვდა.

ეს იყო დრამატული მატჩი საოცარი ფინიშით, ესპანეთის სუპერთასის ფინალში კი ელ კლასიკოს ნაცვლად მადრიდულ დერბის ვიხილავთ. 12 იანვარს, ატლეტიკო რეალს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები