Thumbnail
  • ოლივერ კანმა ბაიერნში საკუთარ გეგმებზე ისაუბრა
  • ‘ტიტანმა’ რეკორდმაისტერის დირექტორთა საბჭოში მუშაობა დაიწყო

მიუნხენის ბაიერნის დირექტორთა საბჭოს ახალ წევრ ოლივერ კანს, რომელიც 2022 წლიდან ბავარიული გრანდის ბოსი უნდა გახდეს, კლუბის განვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები აქვს. 50 წლის ლეგენდარულ მეკარეს მიაჩნია, რომ რეკორდმაისტერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და ბაიერნისთვის ტალანტების აკადემიიდან მიწოდება უნდა იყოს.

“ტალანტების განვითარება აბსოლუტური ტოპ-თემაა არა მხოლოდ ბაიერნში, არამედ ზოგადად გერმანული ფეხბურთისთვის. ჩვენ გვინდა და ვალდებულებიც ვართ, რომ საკუთარი ტალანტები კარგად აღვზარდოთ და ბაიერნის პირველი გუნდი ჩვენივე აკადემიიდან განვითარებული მოთამაშეებით მოვამარაგოთ,” - განუცხადა კანმა კლუბის ჟურნალს.

ოლიმ ისიც აღნიშნა, რომ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ბაიერნისთვის დამახასიათებელი სტილის შენარჩუნებას: “ინტერნაციონალიზაციის პროცესი დიდი ხანია, წარმატებით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში შენარჩუნებული და განვითარებული იქნას რეგიონალური, ბავარიული ხასიათი,” - დასძინა კანმა.

'შეხედეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურები არიან და იყვნენ ბაიერნისთვის ალაბა, მიულერი, ლამი და შვაინშტაიგერი'

“აკადემიიდან პირველ გუნდში დაწინაურებულ მოთამაშეებს შეუძლიათ, კლუბის სავიზიტო ბარათები გახდნენ. ნებისმიერ კლუბს ასეთი ფეხბურთელები ყველაზე მეტად სჭირდება. შეხედეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურები არიან და იყვნენ ბაიერნისთვის დავიდ ალაბა, თომას მიულერი, ფილიპ ლამი და ბასტიან შვაინშტაიგერი. როცა კლუბის აღზრდილი ფეხბურთელი ამ გუნდის ვარსკვლავი ხდება, ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა,” - მიაჩნია კანს.

თომას მიულერი ბაიერნის აღზრდილია

ოლი აცხადებს, რომ ფეხბურთს ყოველთვის უდიდესი კონცენტრაციით უყურებს და ფეხბურთელებზე დაკვირვება მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმეა. შეგახსენებთ, რომ კანი ბაიერნის დირექტორთა საბჭოს წევრი იანვრიდან გახდა, 2 წელიწადში კი რეკორდმაისტერის გენერალური დირექტორად დაინიშნება და ამ თანამდებობაზე კარლ-ჰაინც რუმენიგეს შეცვლის.

კომენტარები

ბოლო ამბები