Thumbnail

საუდის არაბეთში სტარტი აიღო ესპანეთის სუპერთასის გათამაშებამ, რომლისთვისაც წელს, 2-ის ნაცვლად 4 კლუბი იბრძვის. ტურნირი ნახევარფინალებისა და ფინალისგან შედგება.

ზიდანსა და რეალს გულშემატკივრები არც საუდის არაბეთში აკლია

კონტრაქტის თანახმად, ესპანეთის სუპერთასი ახალი ფორმატით, სულ ცოტა, უახლოესი სამი წლის განმავლობაში, საუდის არაბეთში ჩატარდება, ოთხთა ტურნირში გამოსვლის უფლება კი ესპანეთის ჩემპიონს, ვიცე-ჩემპიონს, ესპანეთის თასის მფლობელსა და ფინალისტს ექნება. 

ამ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლაში ბარსელონა (ჩემპიონი და თასის ფინალისტი), ვალენსია (თასის გამარჯვებული), ატლეტიკო (მეორე ადგილი ლა ლიგაში) და რეალი (მესამე ადგილი ლა ლიგაში) ჩაებნენ. 

მადრიდის რეალმა ჯიდას სტადიონზე კარგი შოუ დადგა

ქალაქ ჯიდას არენა "კინგ აბდულა სპორტს სიტიზე" პირველი ½-ფინალური დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც მადრიდის რეალმა ვალენსია ეფექტური გოლებით დაამარცხა - 3:1. 

ანგარიში მე-15 წუთზე ტონი კროოსმა, კუთხურის ნიშნულიდან შესრულებული დარტყმით გახსნა. ვალენსიას მეკარე ხაუმე დომენეკი კარის ხაზიდან საკმაოდ წინ გავიდა, მადრიდელთა გერმანელმა ნახევარმცველმა კი კუთხურის ნიშნულიდან პირდაპირ კარში ჩაახვია.

📺 კროოსის გოლი

რეალმა სხვაობა ორბურთიანი შესვენებამდე ხუთიოდე წუთით ადრე გახადა. კარვახალის პასის შემდეგ, ვალენსიას კარში ლუკა მოდრიჩმა დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა. ბურთი ისკოს მიუვიდა, რომელსაც დომენეკის კარის კუთხეში ზუსტი დარტყმის შესრულება არ გასჭირვებია.

მოდრიჩმა ამ სეზონის ყველა ტურნირში 5 გოლი გაიტანა

ლუკა მოდრიჩმა გატანა შესვენების შემდეგ მაინც მოახერხა - სეხნია იოვიჩის გადაცემის შემდეგ, ხორვატმა ბურთი ვალემსიას კარის კუთხეში ეფექტური დარტყმით გაგზავნა. ეს მატჩის ბედის გადაწყვეტას ნიშნავდა.

თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ვალენსიამ პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხა. საკუთარ საჯარიმოში ხელით სერხიო რამოსმა ითამაშა, 11-მეტრიანი კი დანიელ პარეხომ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც ბარსელონა და მადრიდის ატლეტიკო ითამაშებენ, ჯიდაში 9 იანვარს ჩატარდება, ფინალური შეხვედრა კი 12 იანვარს არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები