Thumbnail

როგორ იზეიმეს რუსებმა კანადასთან არარსებული მოგება - კომიკური ამბავი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რუსების ნაწილმა შეცდომით 9 წლის წინანდელ მატჩს უყურა
  • სატელევიზიო მახეში ჰოკეისტთა ნაწილიც კი გაება

საინტერესო და ამავდროულად კომიკური ამბავი მოხდა კანადისა და რუსეთის ჰოკეისტთა ახალგაზრდული ნაკრებების მატჩისას.

შეხვედრა ჩეხეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ეგიდით შედგა და ის ჩრდილოამერიკელებმა 4:3 მოიგეს, თუმცა, მთავარი ამბები ყინულის მოედანს მიღმა დატრიალდა.

საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთში ტურნირს Матч ТВ აშუქებდა, რომელმაც ფინალამდე რუსეთის ნაკრების ყველა თამაში პირდაპირ ეთერში აჩვენა.

ცხადია, აღნიშნულიდან გამომდინარე, ქომაგები გადამწყვეტი მატჩის სანახავადაც ამ არხზე განეწყვნენ...

გუშინ, თბილისის დროით 22:00 საათზე Матч ТВ-ზე ჰოკეის ტრანსლაცია მართლაც დაიწყო, ყინულზე მართლაც კანადისა და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებები გავიდნენ, თუმცა, ეს 2011 წლის მსოფლიოს პირველობის ფინალი გახლდათ, რომელიც რუსებმა 5:3 მოიგეს.

ცხადია, ქომაგების უმეტესობა მალევე მიხვდა, რომ რაღაც ისე არ იყო და მათ ტელევიზორები რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადართეს, სადაც “ნამდვილი” კანადა-რუსეთი გადიოდა, თუმცა, აღმოჩნდნენ ნაკლებსაზრიანებიც.

რუსი გულშემატკივრების ნაწილმა 9 წლის წინანდელ ჩანაწერს ბოლომდე უყურა და “გამარჯვებით” გამოწვეულ სიხარულს სოციალურ ქსელში აქტიურად გამოხატავდა, ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მახეში სპორტთან დაკავშირებული ხალხიც გაება.

ყველაზე სახალისო ამბავი სენტ ლუის ბლუზის 28 წლის ფორვარდ ვლადიმირ ტარასენკოს შეემთხვა. როგორც მისმა მეუღლემ ინსტაგრამზე დაწერა, ცნობილი ჰოკეისტი ცრუ ფინალს 10 წუთის განმავლობაში უყურებდა, სანამ ეკრანზე... საკუთარი თავი არ დაინახა.

მწარედ მოტყუვდა მოსკოვის ლოკომოტივის ფორვარდი დმიტრი ტარასოვიც, რომელმაც კანადელებთან 2011 წელს გამართულ შეხვედრას პატიოსნად ბოლომდე უყურა და სახელდახელო პოსტიც გამოაცხო: “ყოჩაღ, ბიჭებო! გამარჯვებას გილოცავთ!”. მოგვიანებით ფეხბურთელმა სოციალურ ქსელშივე დაწერა, რომ ეს ყველაფერი სამაგიდო თამაშში წაგების გამო გააკეთა, თუმცა, ცხადია, რომ ეს არავინ დაიჯერა.

რუსების ყველაზე მეტი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ სიტუაციაში ვერც მავანი მიხაილ დეგტიაროვი გაერკვა, არადა, ის არც მეტი, არც ნაკლები სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარეა ფიზკულტურისა და სპორტის საკითხებში, 2018 წლიდან კი რუსეთის ჰოკეის ფედერაციის მმართველ საბჭოშია.

“მივულოცოთ ჰოკეის ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლები! ნამდვილი “წითელი მანქანაა”! ყოჩაღ! რუსული ხასიათი სწორედ ასეთია!” – წერდა დეგტიაროვი, რომელიც დუმაში ვლადიმირ ჟირინოვსკის პარტიას წარმოადგენს.

ბოლოს საქმეში რუსეთის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადისლავ ტრეტიაკიც ჩაერთო, თუმცა, დამამშვიდებელი ვერც მან თქვა რამე.

“ორმა ადამიანმა პირადადაც კი დამირეკა და მსოფლიოს ჩემპიონობა მომილოცა, არადა, ისინი ჰოკეის ოჯახს წარმოადგენენ! ერთმა მესიჯი მომწერა. ვერაფერს მივხვდი. არც კი ვიცოდი, რომ პარალელურად ძველი მატჩის ჩანაწერი გადიოდა. ვიფიქრე, 3:1-ზე საქმე მოთავებულად ჩათვალეს და წინასწარ იზეიმეს-მეთქი”.

სოციალურ ქსელში ასეთი ამბები კი ხდებოდა, თუმცა, უშუალოდ ფინალიც ძალიან დრამატული გამოვიდა. საფინალო სირენამდე 10 წუთით ადრე, კანადა 2 შაიბით აგებდა, თუმცა, დარჩენილ დროში რუსები 3-ჯერ დაამწუხრა და ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლები ისტორიაში მეთვრამეტედ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები