Thumbnail

ნადალი: ბასილაშვილი დიდებული ჩოგბურთელია და ეს დღესაც გამოჩნდა!

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ავსტრალიაში მიმდინარე ATP Cup-ის მატჩში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:3, 7:5 დაამარცხა და ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან 2:0 დააწინაურა.

თამაშის მე-2 სეტი ძალიან საინტერესო გამოდგა. ბასილაშვილმა თითქმის უიმედოდ მიმდინარე მატჩში 2 ბრეიკის განხორციელება მოახერხა და ანგარიში 5:5 გახადა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც რაფამ იმარჯვა.

თამაშის შემდეგ, ესპანელმა ვარსკვლავმა ქართველი ჩოგბურთელების მიმართ პატივისცემა გამოიჩინა, მათ სათითაოდ მიესალმა და წარმატებები უსურვა, მატჩის შეფასებისას კი ბასილაშვილის თამაში გამოარჩია.

“პერთში პირველად ვარ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მადლობა ყველას, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა და მხარი დამიჭირა. ვიცი, რომ ძალიან ლამაზ ქალაქში ცხოვრობთ და მინდა, ის კარგად დავათვალიერო.

ამ ტურნირს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ და ამ დროს, ძალების დაზოგვაზე საუბარი ზედმეტია. დევისის თასის მოგების შემდეგ, ნაკრებში ჩინებული განწყობაა და აქაც მაქსიმუმის მიღწევას ვეცდებით.

მინდა ვთქვა, რომ სასტარტო მატჩი ძალიან რთული გამოდგა. ნიკოლოზი დიდებული მოთამაშეა და ეს, დღესაც გამოჩნდა.

მატჩის ბოლოს 2 ბრეიკით ვიგებდი, როდესაც მან საგრძნობლად მოუმატა, მე შეცდომებს მოვუხშირე და ანგარიში გათანაბრდა. მძიმე თამაში იყო და ბედნიერი ვარ, რომ მოვიგე”.

📺 ვიდეო: ბასილაშვილი 3:6, 5:7 ნადალი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები