Thumbnail
  • 2019 წელი ქართული სპორტისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო
  • აი, ვინ გაგვახარა გასულ წელს ყველაზე მეტად

გავიხსენოთ სპორტთან დაკავშირებული ის მოვლენები, რომლებმაც ქართველ ქომაგს 2019 წელს განსაკუთრებული სიხარული მოუტანა. ჩვენს მიერ შერჩეული 5 მოვლენიდან 4 პერსონალურ მიღწევებს უკავშირდება, ერთით კი, იმედია, თავის დროზე, სრულიად ქვეყანა იამაყებს. მივყვეთ თანმიმდევრულად:

გოგა ბითაძე – მე-18 ნომერი NBA-ს დრაფტზე

ივნისში გამართულ NBA-ს დრაფტს ქართველი ქომაგი განსაკუთრებული ინტერესით ელოდა. ტრადიციულ ღონისძიებას ამჯერად ბრუკლინმა უმასპინძლა და იყო მოლოდინი, რომ ახალგაზრდა ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს პირველ რაუნდში მე-12-დან 22-ე ნომრამდე აირჩევდნენ.

საბოლოოდ, ასეც მოხდა. ბითაძეს, რომელიც ოკეანის გაღმა ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავისა და ადრიატიკის ლიგის საუკეთესო მოთამაშის რანგში ჩავიდა, ინდიანა პეისერსმა მე-18 არჩევანი დაახარჯა.

ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკაში გოგას პოპულარობას ძალიან შეუწყო ხელი NBA Draft Media Day-ზე მომხდარმა ამბავმა. შეგახსენებთ, რომ გოგას ჟურნალისტებთან წარდგენა ზაიონ უილიამსონის პრეზენტაციას დაემთხვა, რომელიც მომავალი დრაფტის პირველი ნომერი იყო. მედიის ყურადღება მთლიანად ამერიკელს შეხვდა, გოგა კი ყველამ მიატოვა.

ამ ეპიზოდის შემდეგ ბითაძეს მოტივაცია გაეზარდა. გოგას ცნობილი ქართველი და ამერიკელი კალათბურთელები გამოეხმაურნენ და მხარი დაუჭირეს, ინტრაგრამზე კი მისი გამომწერთა რიცხვი ერთ საღამოში 7-დან 30 ათასამდე გაიზარდა.

20 წლის ბითაძე მეექვსე ქართველი გახდა, ვინც NBA-ს დრაფტზე აირჩიეს ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძისა და თორნიკე შენგელიას შემდეგ.

გოგას ტალანტიდან გამომდინარე, კალათბურთის ქართველი ქომაგი მის დებიუტს მოუთმენლად ელოდა. ბითაძეს თავი ნამდვილად არ შეურცხვენია და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართველ ლეგიონერთა შორის, მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში ყველაზე კარგი სტარტი ჰქონდა.

წაიკითხეის, რაც ზაზამ 16-წლიან კარიერაში ვერ შეძლო - როგორი იყო ბითაძის დებიუტი NBA-ში

ამ დროისთვის, 20 წლის ქართველ ცენტრს NBA-ში 23 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მონაგარი კი ასე გამოიყურება: 10.6 წუთი, 3.3 ქულა, 2.5 მოხსნა, 0.7 პასი, 1.0 დაფარება.

ინდიანაში არსებული დიდი კონკურენციის ფონზე, გოგას მოედანზე არცთუ დიდი დროის გატარება უწევს, თუმცა, ყველა თანხმდება, რომ მას მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში ხანგრძლივი და სახელოვანი კარიერა ელის.

თუკი ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა, ქართველი ცენტრი ოკეანის გაღმა თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. ბითაძემ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს 2021 წლის ევრობასკეტზეც, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოს დედაქალაქი თბილისი იქნება.

ევრობასკეტი საქართველოში – თბილისი ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

მიმდინარე წლის ზაფხულშივე, ქართული კალათბურთისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.

15 ივლისს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა-მ 2021 წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის 4 მასპინძელი ქვეყანა დაასახელა.

მათ შორის მოხვდა საქართველოც, კონკრეტულად კი, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი თბილისი, რომელიც მომავალი ტურნირის ერთ-ერთ ჯგუფს მიიღებს. 

თბილისთან ერთად, 2021 წლის ევრობასკეტს პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი, ბერლინი (გერმანია) და მილანი (იტალია) უმასპინძლებენ. აქვე აღვნიშნოთ, რომ კანდიდატი სულ 7 იყო: ბუდაპეშტი (უნგრეთი), ტალინი (ესტონეთი) და ლიუბლიანა (სლოვენია) თამაშგარეში დარჩნენ.

ტურნირის მასპინძელი ქალაქები ფიბა ევროპის პრეზიდენტმა თურგაი დემირელმა დაასახელა. ისტორიულ გადაწყვეტილებას ქართული დელეგაციის წევრები დიდი სიხარულით და ოვაციებით შეხვდნენ.

დარბაზში იყვნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია და საპატიო სტუმრის რანგში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

სხვა საქმეა, რომ მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა არაერთი კითხვა და მძიმე მოლოდინიც გააჩინა. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია თავდაპირველად ახალი სუპერთანამედროვე დარბაზის მშენებლობას დაგვპირდა, რომელიც 15 ათას ადამიანს დაიტევდა.

მულტიფუნქციური არენის პროექტი მზად იყო და თითქოს, მის აშენებას წინ არაფერი დაუდგებოდა, თუმცა, წელი სრულდება და ამ მხრივ, არაფერი გაკეთებულა.

წაიკითხე'ფაქტობრივად თავიდან აშენდება' - როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში

სულ ახლახანს გაირკვა, რომ 2021 წლის ევრობასკეტისთვის თბილისში ახალი არენას ვეღარ ვიხილავთ, მატჩებს კი რეკონსტრუქციის შემდეგ, ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

ხსენებული არენაზე სამუშაოები მომავალი წლის დასაწყისშივე უნდა დაიწყოს, რის შემდეგაც 2 500 ადამიანზე გათვლილი დარბაზი 10 500 მაყურებელს დაიტევს.

ასეა თუ ისე, ფიბა-ს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კალათბურთის ქართველ ქომაგს დიდი სიხარული მოუტანა და იმედია, მომავალი შეჯიბრის ღირსეულად ჩატარებით, სიამაყის შესაბამისი გრძნობითაც აღვივსებით.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ტურნირის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრობასკეტის საგზური ავტომატურად მოუტანა.

ლუხუმ ჩხვიმიანი – 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონი

ძიუდოს ქართველ ქომაგს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში აგვისტოში გამართული მსოფლიოს პირველობის პირველივე დღეს დიდი სიხარული ელოდა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 26 წლის ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) ავიდა, რომელიც ძიუდოს სამშობლოში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში კი ჩავიდა, თუმცა, მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ოქროს მედალს მოიპოვებდა.

ლუხუმმა ტოკიოში 7 ორთაბრძოლა მოიგო და რიგით მე-7 ქართველი ძიუდოისტი გახდა, ვინც მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

ქართველმა პირველ რაუნდში ჰონგ კონგელი ლონგ ლაი იუ იპონზე დასცა, შემდეგ ესპანელ ფრანსისკო გარიგოსსა და ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს “გოლდენ სქორში” ვაზარებით აჯობა, უკრაინელ არტიო ლესიუკს იპონით სძლია, ტაივანელი იუნ ვეი იანგი კი ვაზარით დაჩაგრა.

ჩხვიმიანს ყველაზე რთული შეხვედრა ნახევარფინალში გადახდა, სადაც დიუსელდორფის, ოსაკას, ეკატერინბურგისა და ტოკიოს გრანდ სლემების გამარჯვებულ (წლის ბოლოს ცინდაოს მასტერსიც მოიგო) რიუჯუ ნაგაიამას (იაპონია) დამატებით დროში ვაზარით აჯობა.

ამ წარმატებით ფრთაშესხმული ქართველი ძიუდოისტი ფინალში უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევთან დასაპირისპირებლად ფავორიტის რანგში გავიდა და ზაგრებსა და მარაკეშში გრან პრის ეტაპების გამარჯვებული მეტოქე აშკარად დაჩაგრა.

ლუხუმმა აზიელი ჯერ ვაზარიზე დასცა, შერკინების ბოლოსკენ კი იპონიც განახორციელა.

ჩხვიმიანმა ჩემპიონობით ქართველი ქომაგი ხომ გაახარა და თვითონაც ძალიან კმაყოფილი იყო. ეს კარგად სჩანდა ინსტაგრამის სთორიში გამოქვეყნებულ ვიდეოშიც, სადაც ლუხუმი იმ ადამიანებს გამოეხმაურა, რომლებიც მის მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლას ეწინააღმდეგებოდნენ.

წაიკითხევინ შეჭამა ჩემი ხაჭაპური? - EJU-ს სახალისო პოსტი ჩხვიმიანზე

ჩხვიმიანის ტრიუმფს სახალისო პოსტით გამოეხმაურა ევროპის ძიუდოს კავშირი, რომელმაც ლუხუმის პრესკონფერენციაზე გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში ასეთი წარწერა გაუკეთა: “ვინ შეჭამა ჩემი ხაჭაპური?”. ძიუდოს კავშირი პოსტში მიუთითებდა, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ლუხუმ ჩხვიმიანის გაბრაზება არ ღირდა.

სამწუხარო ის გახლდათ, რომ ლუხუმის მიერ აღებულ ჩინებულ სტარტს, მსოფლიოს პირველობაზე შესაბამისი გაგრძელება არ მოჰყოლია. ტოკიოში ჩხვიმიანის გარდა 9 ქართველი ძიუდოისტი იყო ჩასული, რომელთაგან კვარცხლბეკზე მხოლოდ 1 ავიდა: 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ლუკა მაისურაძემ დაისაკუთრა.

გენო პეტრიაშვილი – ყაზახეთში მოგებული მსოფლიო

ქართული სპორტისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა მსოფლიოს 2019 წლის ჩემიონატი ჭიდაობაში, რომელსაც 14-22 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქმა ნურ-სულთანმა უმასპინძლა. ქართულმა დელეგაციამ აზიიდან 4 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბექა ლომთაძე (61 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ავიდნენ, ბრინჯაო კი ირაკლი მწითურმა (92 კგ.) დასაკუთრა. იდენტური იყო “ბერძენ-რომაელთა” მონაგარიც: ოქროები ნუგზარ წურწუმიასა (55 კგ.) და ლაშა გობაძეს (82 კგ.) ერგოთ, ბრინჯაო კი – იაკობ ქაჯაიას (130 კგ.).

სხვებისგან მაინც 25 წლის პეტრიაშვილს გამოვარჩევთ. მისი ტრიუმფი ყველაზე პრესტიჟულ – მძიმე წონით კატეგორიაში შედგა, რომელიც ამავდროულად ოლიმპიადაზე იქნება წარდგენილი.

მნიშვნელოვანი იყო ის დრამატიზმიც, რომელიც გენოს გადამწყვეტ ორთაბრძოლას სდევდა თან.

პეტრიაშვილი ფინალში მარადიულ მეტოქე 29 წლის თურქ ტაჰა აკგულთან მარცხდებოდა, როდესაც ბრძოლის დასრულებამდე ათიოდ წამით ადრე გადამწყვეტი გდება განახორციელა.

ქართველმა ფალავანმა საწყის რაუნდებში კოსოვოელი ეგზონ შალა (13:2), სირიელი ბადჟა ხუტაბა (14:4) და უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი (6:2) დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

ურთულესი ფინალის შემდეგ, პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ დანებებას ბოლო წამამდე არ აპირებდა და ჩემპიონობამდე სწორედ ამან მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მოჭიდავეს 2016 წელს ევროპის ჩემპიონატიც აქვს მოგებული, რიოს ოლიმპიადაზე კი სადაც სწორედ ხსენებულმა აკგულმა იმარჯვა, ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

მოსალოდნელია, რომ გენოსა და ტაჰას მრავალწლიანი დაპირისპირება 2020 წლის ოლიმპიური თამაშებზეც გაგრძელდება, სადაც ქართველი და თურქი ფალავნები ფავორიტების რანგში ჩავლენ.

ლაშა ტალახაძე – რეკორდსმენი მსოფლიოს ჩემპიონი

ქართველი ქომაგისთვის ყველაზე მოსალოდნელი, ალბათ, ლაშა ტალახაძის (+109 კგ.) მორიგი ტრიუმფი იყო.

ქართველი გოლიათი სექტემბრის მე-2 ნახევარში ტაილანდის ქალაქ პატაიაში გამართულ შეჯიბრზეც აშკარა ფავორიტის რანგში ჩავიდა და მართალია, გულის სიღრმეში ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ ლაშა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდოა, მისმა მორიგმა გმირობებმა გულგრილი ვერავინ დატოვა.

25 წლის ქართველი ძალოსანმა კონკურენტებს ამჯერადაც საგრძნობი უპირატესობით აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უკვე მეოთხედ მოიპოვა.

ტალახაძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა, 208, 215 და 220 კგ-იანი შტანგა დასძლია, თავისივე მიღწევა 2 კგ-ით გააუმჯობესა და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ლაშას მსოფლიოს რეკორდის გარეშე გამოსვლა არც აკვრაში დაუსრულებია, სადაც 247, 255 და 264 კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა. შეგახსენებთ, რომ უწინდელი მიღწევა (260 კგ.) ასევე ქართველ ძალოსანს ეკუთვნოდა.

ტალახაძემ მსოფლიოს მე-3 რეკორდი ორჭიდის ჯამში დაამყარა, სადაც 484 კგ. მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასულ სომეხ გორ მინასიანს (460) 24 კგ-ით აჯობა, ბრინჯაოს მედალი კი  კიდევ ერთმა სომეხმა რუბენ ალეკსანიანმა (437 კგ.) მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ტალახაძის ფენომენალური სვლა სტარტს 2015 წლიდან იღებს, როდესაც მან მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად მოიგო. მას შემდეგ, ლაშამ პლანეტის უძლიერესი ძალოსნის ტიტული კიდევ 3-ჯერ (2017, 2018, 2019) დაისაკუთრა, 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზეც გაჩემპიონდა, ევროპის პირველობა კი 4-ჯერ (2016, 2017, 2018, 2019) აქვს მოგებული.

ტაილანდური ტრიუმფის შემდეგ, ლაშამ კომენტარი გააკეთა და გამარჯვება ომში დაღუპულ ქართველ გმირებს მიუძღვნა.

ქართველი ძალოსნის ფენომენალურ ასპარეზობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, სადაც ლაშას უკვე დიდი ხანია ლეგენდად მოიხსენიებენ.

“საუკეთესო და მიუწვდომელი. 220 კილოგრამი ატაცში და 264 აკვრაში. გილოცავ ძმაო...”, - ეს სიტყვები კი ირანელ ძალოსან ბეჰდად სალიმის ეკუთვნის, რომელიც 2016 წლის ოლიმპიადაზე ჩვენებურის უმთავრესი მეტოქე იყო.

მსოფლიოს მასშტაბით ტალახაძის ქომაგებში სულ უფრო მეტად მუსირებს აზრი, რომ ქართველი სპორტსმენი ორჭიდის ჯამში 500-კილოგრამიანი ნიშნულის დაძლევას მალევე მოახერხებს. იმის გათვალისწინებით, რომ ლაშა პატაიაში ჯამურ 484 კგ-ს ძალიან დამაჯერებლად გაუმკლავდა, აღნიშნული წარმოუდგენლად ნამდვილად აღარ მოსჩანს.

ქართველი გოლიათის მორიგ გაბრწყინებას 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები