Thumbnail

‘იმედია, გაგებით შეხვდება’ – სარაგოსას პრეზიდენტი პაპუნაშვილის ტრანსფერზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ ფეხბურთელს მალე გუნდის გამოცვლა მოუწევს
  • გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსაში 2017 წლიდან თამაშობს

როგორც სჩანს, ესპანური სარაგოსადან გიორგი პაპუნაშვილის ტრანსფერი გადაწყვეტილი ამბავია. ამის შესახებ არაგონული კლუბის პრეზიდენტმა კრისტიან ლაპერტამ ისაუბრა. მისი თქმით, 24 წლის ქართველი ნახევარმცველი იმ სამეულში ხვდება, ვის გაყიდვასაც კლუბი აპირებს.

“გულშემატკივარი ახალი ტრანსფერების მოლოდინშია. როგორც სჩანს, ამავდროულად, სარაგოსა პაპუნაშვილის, პომბოსა და ბიკოროს გაშვებას აპირებს...” – ასეთი იყო Heraldo-ს კითხვა. აი, პასუხიც.

“ეს მარტივი არითმეტიკაა. ფინანსურად კარგი მდგომარეობა ნამდვილა არ გვაქვს, ამდენად, თუკი ახალი ფეხბურთელების დამატება გვსურს, თანხა სხვების გაყიდვიდან უნდა ვიშოვოთ. ვფიქრობ, ეს პროცესი პარალელურად წარიმართება.

იმედი მაქვს, რომ შექმნილ სიტუაციას აღნიშნულ სამეულიც გაგებით შეხვდება. პაპუნაშვილი, პომბო და ბიკორო ის ბიჭები არიან, რომელთაც თამაში უნდათ, ჩვენთან კი, მხოლოდ შეზღუდულ წუთებს იღებენ. ამდენად, მოვლენათა ამგვარი განვითარება მათთვისაც მისაღები უნდა იყოს”.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის სარაგოსადან აბარგებაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. თავდაპირველად, ის MLS-ის გუნდებს – ნიუ იორკსა და დალასს დაუკავშირეს, ბოლოს კი, ხიხონის სპორტინგის ვარიანტი გამოჩნდა, რომელიც ასევე ლა ლიგა 2-ში თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილის პირველი უცხოური კლუბი ბრემენის ვერდერი იყო, სარაგოსაში კი იგი 2017 წლიდან ირიცხება და 51 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი. გიორგის დიდი პერიოდი ტრავმების გამო გაუცდა.

კომენტარები

ბოლო ამბები