Thumbnail
  • 2020 წელი ქართული სპორტისა და მისი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულია
  • მთავარი სპორტული მოვლენები, სადაც ქართველი სპორტსმენების გამოსვლას ველით

2020 წელი ქართული სპორტისა და მისი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულია. ისედაც, ამ წელს მსოფლიოს თუ ევროპის მასშტაბის არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელთაგან გამორჩეული, რა თქმა უნდა, ზაფხულის ოლიმპიადა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატია. ზუსტად როგორი შემადგენლობით წარსდგება ტოკიოს თამაშებში საქართველოს დელეგაცია, მოგვიანებით დადგინდება, აი, კონტინენტის საფეხბურთო პირველობის ფინალურ სტადიაზე მოხვედრით კი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ნამდვილად ისტორიას დაწერს. ოღონდ, იქამდე ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჯერ მარტის პლეი ოფი უნდა დაძლიოს წარმატებით.

ქვემოთ 2020 წლის ხუთ გამორჩეულ სპორტულ მოვლენას დავასახელებთ, რომელთა მიმართ ქართული სპორტის ქომაგს განსაკუთრებული მოლოდინი აქვს. მივყვეთ კალენდრის მიხედვით:

ნიკოლოზ ბასილაშვილი V რაფაელ ნადალი

📅 3-12 იანვარი | 🎾 ATP CUP 2020

ნაახალწლევს ავსტრალიაში სტარტს ახალდაარსებული პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი, ATP CUP აიღებს, რომელშიც 24 ნაკრები, მათ შორის საქართველო იასპარეზებს. 

გუნდები ექვს 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ, საქართველოს ნაკრები კი, რომლის ლიდერი ATP-ის რეიტინგში 24-ე ნიკოლოზ ბასილაშვილია, B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად ესპანეთი, იაპონია და ურუგვაი ჰყავს. 

დაპირისპირება 3 შეხვედრისგან შედგება - 2 ერთეულთა, ხოლო 1 წყვილთა თანრიგში. ტურნირის ფინალში ასპარეზობის უფლებას ჯგუფების გამარჯვებულები და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს რაფაელ ნადალის წინააღმდეგ სამივე მატჩი წაგებული აქვს

საქართველოს ნაკრები მატჩებს ქალაქ პერთში ჩაატარებს, სასტარტო დაპირისპირება კი 4 იანვარს, ესპანეთთან ელის, რომელსაც განაცხადში რაფაელ ნადალი (1) და რობერტო ბაუტისტა აგუტი (9) ჰყავს.

საქართველოს ნაკრები 6 იანვარს იოშიჰიტო ნიშიოკასა (73) და ტოშიჰიდე მაცუის (117) იაპონიას, ხოლო 8-ში პაბლო (45) და მარტინ (522) კუევასების ურუგვაის შეხვდება.

ქართული ფეხბურთის ისტორიული შანსი

📅 26 მარტი | ⚽ პლეი ოფი, 1/2 ფინალი | საქართველო V ბელარუსი

📅 31 მარტი | ⚽ პლეი ოფი, ფინალი | საქართველო/ბელარუსი V მაკედონია/კოსოვო

საქართველო 2020 წელს ფიფას რეიტინგში 91-ე ადგილზე შეხვდა

უეფამ საქართველოს დიდ საფეხბურთო ფორუმზე მონაწილეობის შანსი ახალი ტურნირის - ერთა ლიგის დაარსებით მისცა და ვლადიმირ ვაისის გუნდმაც ჯერ კიდევ 2018 წელს, ტურნირის D დივიზონში გაიმარჯვებით გაინაღდა პლეი ოფში თამაში, რომლის ნახევარფინალი და ფინალი, შესაბამისად, 26 და 31 მარტსაა დაგეგმილი.

პლეი ოფში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი იმედი გიორგი ჩაკვეტაძე იქნება

26-ში საქართველოს ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს, წარმატების შემთხვევაში კი, 31-ში, უკვე ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს ნახევარფინალურ წყვილში მოგებულს მიიღებს. 

ამ ორ მატჩში გამარჯვება ვლადიმირ ვაისის გუნდს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე, კონტინტენტის 24 საუკეთესო ნაკრებს შორის მოახვედრებს. ფინალურ ეტაპზე კი, რომელიც 12 ივნისდან 12 ივლისის ჩათვლით ჩატარდება, საქართველო ან C ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჰოლანდია, ავსტრია და უკრაინა გამოვლენ, ან F ჯგუფში - გერმანიასთან, პორტუგალიასა და საფრანგეთთან. ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელიც ნაკრები გახდება პლეი ოფის A გზის გამარჯვებული.

ქართული კლუბები ევროთასებზე

საქართველოს ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის გამარჯვებული დინამო თბილისი, ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. თბილისურმა კლუბმა ბოლოს ტურნირში 2016/17 წლების სეზონში ითამაშა, სადაც მესამე საკვალიფი„კაციო ეტაპზე ზაგრების დინამოს ვეღარ გასცდა (0:1, 0:2). ახლახან საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი დაინიშნა.

შავი ზღვის პირატებს ერთგულება დაუფასდათ - დინამო ბათუმი ევროპალიგაზე დაბრუნდა

პაუზის შემდეგ ევროთასებს უბრუნდება ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი. გია გეგუჩაძის გუნდი, რომელსაც გაზაფხულზე ახალი, 20 000 მაყურებელზე გათვლილი არენა ექნება, ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 2017/18 წლების სეზონის შემდეგ, კვლავ ითამაშებს. ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაასახელა ის პოზიციები, რომელთა გაძლიერება გუნდს დასჭირდება.

მეტი ამ თემაზე: გია გეგუჩაძე: ჩვენი მიზანი ევროტურნირზე წარმატებული თამაშია

ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასევე ითამაშებენ დავით ყიფიანის თასის გამარჯვებული საბურთალო და თასის ფინალისტი თბილისის ლოკომოტივი, რომელმაც ეროვნული ლიგა მე-4 ადგილზე დაასრულა. 

ტესტები მსოფლიოს ჩემპიონებთან

📅 18 ივლისი | 🏉 სამხრეთ აფრიკა V საქართველო

📅 7 ნოემბერი | 🏉 საფრანგეთი V საქართველო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები წელიწადს ტრადიციულად, რაგბი ევროპის ჩემპიონატში გამოსვლით დაიწყებს, რომლის მატჩებს თებერვალსა და მარტში ჩაატარებს. თუმცა, მილტონ ჰეიგთან დამშვიდობების შემდეგ, ვინ გაწვრთნის "ბორჯღალოსნებს", ამ დრომდე უცნობია.

გაცილებით საინტერესო მეტოქეები და მატჩები ნაკრებს 2020 წელს დაგეგმილ ტესტებზე ელის. 18 ივლისს საქართველო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ისტორიულ ტესტს სტუმრად ჩაატარებს. შეხვედრის მასპინძელი ქალაქი მოგვიანებით დაზუსტდება. ცნობისთვის, "ქურციკებს" და "ბორჯღალოსნებს" აქამდე ერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე უთამაშიათ და მაშინ აფრიკელებმა ანგარიშით 46:19 იმარჯვეს.

სამხრეთ აფრიკამ ვებ ელისის თასი ისტორიაში მესამედ მოიგო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბერში უკვე საფრანგეთს ესტუმრება. მატჩი 7 ნოემბერს, სენტ ეტიენში გაიმართება და ეს იქნება ამ ნაკრებების ისტორიაში მეორე დაპირისპირება. პირველი თამაში 2007 წლის მსოფლიო თასზე გაიმართა და მაშინ საფრანგეთმა ანგარიშით 64:7 გაიმარჯვა.

გამორიცხული არაა, "ბორჯღალოსნებმა" ნოემბერში ტესტი 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტთან - ინგლისის ნაკრებთანაც ჩაატარონ. 2020 წლის 21 ნოემბერს ლონდონში შეხვედრა უკვე დაგეგმილია, თუმცა ოფიციალურად ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ინგლისელთა მეტოქე მეორე დონის ერთ-ერთი ქვეყნის ეროვნული გუნდი იქნება.

ოლიმპიური თამაშები

📅 24 ივლისი-9 აგვისტო | 🏟 ტოკიო 2020

წლის მთავარი სპორტული მოვლენა, ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში გაიმართება და მასში 200-ზე მეტი ქვეყნის 12 500-ზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს. 

ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რუსეთი დასაჯა და დიდი შანსია, ამ ქვეყნის სპორტსმენები თამაშებში, უკეთეს შემთხვევაში, დროშისა და ჰიმნის გარეშე წარსდგნენ. რუსეთს იმის იმედი აქვს, რომ სასჯელს გადაწყვეტილების გასაჩივრებით აირიდებს…

ჩვენთვის ყველაზე მთავარი კი ტოკიოში საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამოსვლა და შედეგებია. თუ რამდენი სპორტსმენით წარსდგება ჩვენი ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე, მოგვიანებით დადგინდება, მედლების ამბიციები კი უმთავრესად ძალოსნობაში, ძიუდოში, ჭიდაობის სახეობებში გვექნება.

ცნობისთვის, საქართველოს საუკეთესო შედეგი ოლიმპიურ თამაშებში 2008 წელს ჰქონდა. პეკინის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა (35 მონაწილე) 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

ლაშა ტალახაძე ტოკიოში ზედიზედ მეორე ოლიმპიური ოქროსთვის იბრძოლებს

რაც შეეხება ბოლო, 2016 წლის თამაშებს, რიოში 40 სპორტსმენით (ჩვენთვის სარეკორდო) წარდგენილმა საქართველოს ნაკრებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო დაისაკუთრა. ჩემპიონობა ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) იზეიმეს, ვერცხლი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), შმაგი ბოლქვაძე (ბ/რ ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა) დასჯერდნენ. 

რა თქმა უნდა, ტოკიოში ზემოთ მოყვანილი შედეგების გაუმჯობესებას ველოდებით!

კომენტარები

ბოლო ამბები