Thumbnail
  • 'ევროლიგის გუნდების მხრიდან ინტერესზე მეც ჭორის დონეზე გავიგე'
  • 'თებერვალში შესარჩევ მატჩებში საქართველოს ნაკრებთან ერთად ვიქნები'

30 წლის ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. ესპანური იბეროსტარ ტენერიფეს ცენტრი შედეგიანად თამაშობს როგორც ევროპაში უძლიერესად მიჩნეულ ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე - ჩემპიონთა ლიგაში. გასულ უქმეებზე შერმადინმა ბექა ბურჯანაძის გრან კანარიას 32 ქულა ჩაუგდო და ესპანურ ლიგაში ტურის საუკეთესო მოთამაშედ უკვე მესამედ დაასახელეს. გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქართველი ლეგიონერით ევროლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა... შერმადინს ტენერიფეში შევეხმიანეთ და ბოლოდროინდელ ამბებზე გამოვკითხეთ.

Popsport: საერთო აზრით, კარიერაში საუკეთესო სეზონი გაქვს. ასეთი პროგრესი რამ განაპირობა?

შერმადინი: პირველ რიგში, მწვრთნელის ჩუს ვიდორეტას ფაქტორია, შემდეგ კი, თანაგუნდელების, რომლებიც შესაძლებლობების წარმოჩენაში ყველანაირად ხელს მიწყობენ. მაგალითად, მარსელინიო უერტასი საერთოდ არ არის ორიენტირებული ქულების მოგროვებაზე და ძირითადად იმას ცდილობს, რომ კარგი პასებით მომამარაგოს. ჩვენი მწვრთნელი ჯამლეტ ხუხაშვილს მაგონებს, რომელიც თამაშს ჩემზე აწყობს. პირველი პასი ყოველთვის ჩემზე მოდის და თუ შეტევა არ გამომივიდა, ახალი კომბინაცია მხოლოდ შემდეგ იხაზება . 

Popsport: იბეროსტარ ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში რა მიზანი გაქვთ დასახული?

შერმადინი: ტენერიფეს ჩემპიონთა ლიგა 2017 წელს უკვე მოგებული აქვს. ბევრი მეკითხება, შევძლებთ თუ არა ამ ტურნირზე კიდევ ერთხელ გამარჯვებას. ცხადია, ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. რაც შეეხება შიდა ასპარეზს, უმთავრესი მიზანი პირველი წრის თავზე 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა და ესპანეთის თასზე გასვლაა, რადგან ეს ტურნირი აქ ძალიან პრესტიჟულად ითვლება. მოგვიანებით, რა თქმა უნდა, პლეი ოფში თამაშსაც ვეცდებით. გუნდი ნამდვილად კარგად თამაშობს და ამბიციებიც გაზრდილია. გულშემატკივრები ხშირად კითხულობენ, მოვუგებთ თუ არა მადრიდის რეალს, ბარსელონას... ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მათ უფრო მეტის მოლოდინი აქვთ.

Popsport: მიმდინარე სეზონში უკვე 3-ჯერ გახდი ტურის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე და სტატისტიკითაც გუნდში საუკეთესო ხარ... 

შერმადინი: სასიხარულოა, რომ გუნდისთვის სარგებელი მომაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს ფასი დაეკარგებოდა, გუნდი რომ აგებდეს. კარგი შედეგები გუნდის ირგვლივ აჟიოტაჟს და ჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის. რაც შეეხება ტურის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ დასახელებას, რამდენიმე თამაში მართლაც გამორჩეული იყო. ყველაზე კარგად ბოლო მატჩი მახსენდება, რომელიც ბექა ბურჯანაძის გრან კანარიასთან ჩავატარეთ. შედეგიანი თამაში გამომივიდა. თანაც, ეს დერბი იყო, რომელსაც გულშემატკივრები განსაკუთრებულად ელოდნენ. დარბაზში 7 000 გულშემატკივარი იყო და საოცარ ატმოსფეროში ვითამაშეთ. 

Popsport: აღნიშნე, რომ მწვრთნელი და მოთამაშეები გეხმარებიან შესაძლებლობების წარმოჩენაში. თავის მხრივ, მარსელინიომაც არ დაიშურა შენს მიმართ საქებარი სიტყვები. როგორც ჩანს, გუნდში კარგი ატმოსფერო და ერთსულოვნებაა...

შერმადინი: კი, გუნდში მართლაც შესანიშნავი ატმოსფეროა. მალაგადან ტენერიფეში ერთბაშად სამი მოთამაშე წამოვედით და მათთან ისედაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა, აქ კი ძალიან კარგი ბიჭები დაგვხვდნენ. მწვრთნელიც კარგი ადამიანია და მასთან ურთიერთობა კომფორტულია. ეს ყველაფერი დადებითად აისახება გუნდის თამაშზე და შედეგიც მოდის. 

Popsport: იყო საუბარი, რომ ევროლიგის გუნდები იჩენენ შენს მიმართ ინტერესს. ფენერბაჰჩეს ვარიანტიც ახსენეს. მომავალში რა გეგმები გაქვს ?

შერმადინი: ეს ამბავი ჭორის დონეზე გავიგე, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამთ. აგენტსაც ვკითხე, მაგრამ რეალური არაფერია. ტენერიფესთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს, მეც და ჩემი ოჯახიც აქ თავს კარგად ვგრძნობთ და სხვაგან წასვლაზე არ ვფიქრობ. 

Popsport: გაისად თებერვალში ევრობასკეტის შესარჩევი ციკლი იწყება. მოახლოებულ მატჩებში ეროვნულ ნაკრებს თუ დაეხმარები?

შერმადინი: თებერვალში საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ. დაახლოებით მაგ პერიოდში ჩემპიონთა ლიგის მატჩები გვიწევს, თუმცა, ეს თბილისში ჩამოსვლაში ხელს არ შემიშლის. თებერვლის შუა რიცხვებში თასის შეხვედრებს მოვილევთ და შემდეგ ეროვნულ გუნდს შევუერთდები. 

Popsport: 2021 წელს ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფს თბილისი უმასპინძლებს, გულშემატკივარს კი აქედანვე აინტერესებს როგორ ნაკრებს ვიხილავთ ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე. რა მოლოდინი გაქვს?

შერმადინი: სასიხარულოა, რომ ესოდენ პრესტიჟული ტურნირი თბილისში ტარდება. გულშემატკივრები უცხოეთში დაგვყვებოდნენ და ამჯერად, ჩვენთან მივიღებთ სტუმრებს. ამდენად, 2021 წლის ევრობასკეტს დიდი იმედით ველი. იმედია, ყველა ჯანმრთელად ვიქნებით, რათა ეს შანსი გამოვიყენოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი, რომელიც მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არა მარტო ჩვენთვის, არამედ მომავალი თაობებისთვისაც.

Popsport: როგორ ხვდები ახალ, 2020 წელს და რას უსურვებ ქართველ გულშემატკივრებს?

შერმადინი: ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები, ოჯახთან ერთად. ოთხი შვილი მყავს: 8 წლის, 7 წლის და 2 წლის ტყუპები. ყველანი ერთად აღვნიშნავთ ახალი წლის მოსვლას. საქართველოში ყველას ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს და პირველ რიგში, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ. მინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ცხოვრობდეს სპორტით, რადგან ეს ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესია.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები