Thumbnail

გია ცეცაძემ საქართველოს U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება
  • გია ცეცაძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

სფფ-ის განცხადება
"საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს გია ცეცაძე აღარ უხელმძღვანელებს. მიუხედავად ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი სურვილისა, გამოცდილ სპეციალისტთან თანამშრომლობა გაეგრძელებინა, მან გადაწყვიტა, რომ თავისი სამწვრთნელო კარიერა სხვაგან გააგრძელოს. აღნიშნული ფაქტი ჩვენთვის ძალზე სამწუხაროა, მაგრამ პატივს ვცემთ გია ცეცაძის გადაწყვეტილებას.

როგორც მოგეხსენებათ, გია ცეცაძე 21 წლამდელთა ნაკრებს 2017 წლიდან წვრთნიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში."

შეგახსენებთ, რომ ცეცაძე 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, U21 საქართველოს ნაკრებს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში სწორედ 5 მატჩი აქვს დარჩენილი. 18 ნოემბერს, საქართველოსა და სლოვაკეთის შეხვედრის ბოლო წუთები მიმდინარეობდა, როდესაც სლოვაკები ქართველებს 3:2-ს უგებდნენ, მეტოქე გუნდის მწვრთნელმა, იოზეფ სტებერმა კი გიორგი კუციას აუტის მოწოდების საშუალება არ მისცა და მას ხელი ჰკრა. ამ ეპიზოდს არეულობა მოჰყვა და საქმეში გია ცეცაძე ჩაერია. გადამეტებული ემოციებისთვის ცეცაძემ წითელი ბარათი მიიღო.

წაიკითხე | U21 საქართველო - ჩხუბი, გინება და ფურთხება სლოვაკეთში

სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრენის მწვრთნელს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაია გამოუწერა. ერთი მატჩით დაისაჯა სამწვრთნელო შტაბის კიდევ ერთი წევრი, ირაკლი მანია. რაც შეეხება სტებერს, ის 3 მატჩით დასაჯეს. ოფიციალური მიზეზი არასპორტული საქციელია. გარდა ამისა, საქართველოსა და სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციები 6 750 ევროთი დააჯარიმეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ზუსტად 5 მატჩი აქვს დარჩენილი: შინ სლოვაკეთთან, საფრანგეთთან, შვეიცარიასა და აზერბაიჯანთან, ხოლო გასვლაზე ლიხტენშტაინთან. საქართველოს ნაკრებს 5 თამაშში 6 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები