Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნმა მწვრთნელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
  • კარლ-ჰაინც რუმენიგე ჰანსი ფლიკის მუშაობით კმაყოფილია

როგორც მოსალოდნელი იყო, ჰანსი ფლიკი მიუნხენის ბაიერნს მინიმუმ ზაფხულამდე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს მიუნხენის ბაიერნმა გაავრცელა.

ბავარიული გრანდის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შესაძლებელია, ფლიკი არც ზაფხულში გაუშვან და მან რეკორდმაისტერს მომდევნო სეზონშიც უხელმძღვანელოს. განცხადება მას მერე გამოქვეყნდა, რაც ბაიერნის გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე და სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ფლიკს შეხვდნენ და გასული მატჩები შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ ფლიკს, რომელმაც გათავისუფლებული ნიკო კოვაჩი დროებით შეცვალა, ბაიერნთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

კარლ-ჰაინც რუმენიგე

54 წლის ფლიკმა ბაიერნი ნოემბრის დასაწყისში ჩაიბარა. ოლიმპიაკოსთან (2:0) და დორტმუნდთან (4:0) მოგებული მატჩების შემდეგ გადაწყდა, რომ ჰანსი ბაიერნს მინიმუმ იანვრამდე უხელმძღვანელებდა. ახლა კი, რუმენიგემ მისი მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში ფლიკით კმაყოფილია - მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგაში შემოდგომის ჩემპიონი ლაიპციგი გახდა.

“ძალიან მიხარია, რომ ბაიერნის ხელმძღვანელებმა ნდობა გამომიცხადეს. ამ გუნდთან ერთად მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს,” - განაცხადა ფლიკმა.

“ბაიერნი ჰანსი ფლიკის მუშაობით ძალიან კმაყოფილია. მას მერე, რაც იგი მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს ასრულებს, პროგრესი აშკარაა,” - ეს რუმენიგეს სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები