Thumbnail

ბაიერნის ჯოკერი - აი, ამიტომ არ გაუშვეს მიუნხენელებმა 18 წლის ჰოლანდიელი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მეორე თამაშია, ბაიერნი ჯოშუა ზირკზეეს გოლებით იგებს
  • 18 წლის ჯოშუა ზირკზეე ლევანდოვსკის შემცვლელად ყალიბდება

მის ასაკში სხვა ბიჭები აბიტურიენტები არიან ხოლმე, მართვის მოწმობის გამოცდებისთვის ემზადებიან და მეორადი ავტომობილის ყიდვაზე ოცნებობენ. ჯოშუა ზირკზეე 18 წლისაა და უკვე მიუნხენის ბაიერნის თამაშების ბედს წყვეტს!

რეკორდმაისტერის ახალგაზრდა ფორვარდმა 4 დღეში მეორედ შეძლო შეცვლაზე შესვლის შემდეგ, ბურთთან პირველივე შეხებით გოლის გატანა. შაბათს, ბაიერნმა ვოლფსბურგი 2:0 დაამარცხა და ზირკზეე მოედანზე სულ რაღაც 150 წამის შესული იყო, როცა ანგარიში გახსნა (86-ე წუთზე). ოთხშაბათს, მას ფრაიბურგთან 104 წამი დასჭირდა გოლის გასატანად და სწორედ ამ გოლით მოუგო ბაიერნმა ფრაიბურგს.

ჯოშუა ზირკზეეს საუკეთესო მეგობარი გუნდში 24 წლის სერჟ გნაბრია და ზედიზედ მეორედ მოხდა ისე, რომ მიუნხენურმა გრანდმა თამაში სწორედ მათი გოლებით მოიგო. სწორედ ზირკზეესა და გნაბრის დამსახურებაა, რომ შობა-ახალი წლის წინ, ბაიერნში მაინც სადღესასწაულო განწყობაა - მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომის ჩემპიონი ბუნდესლიგაში ლაიპციგი გახდა.

“პირველ წრეში იყო მომენტი, როცა მე-7 ადგილზეც კი ვიყავით. ახლა კი, საბოლოოდ მაქსიმუმი შევძელით, ბოლო სამი თამაში მოვიგეთ. რაც შეეხება ზირკზეეს - მისი წარმატებები ყველას ძალიან გვიხარია. ასაკით პატარაა, მაგრამ უკვე ბრუტალურია. ძალიან მაგარი, დაუჯერებელი კვირა ჰქონდა,” - განაცხადა ვოლფსბურგთან მატჩის შემდეგ ბაიერნის 27 წლის ავსტრიელმა მცველმა დავიდ ალაბამ.

თომას მიულერი, რომელმაც ზირკზეეს საგოლე პასი მისცა: “სერჟმა დამიყვირა, სივრცე დავინახე და ბურთი იქ გავუშვი. ცოტა სასაცილოა, რომ გნაბრი და ზირკზეე ერთმანეთს ძალიან გვანან. ჯოშუამ ძალიან კარგი გოლი გაიტანა.”

“ახლა ის უბრალოდ დაფრინავს. ძალიან კარგი საგოლე ალღო აქვს!” - ეს გნაბრის სიტყვებია.

ბაიერნის ხელმძღვანელები ბედნიერები უნდა იყვნენ, რომ ზაფხულში ზირკზეე არ გაუშვეს. 18 წლის ფორვარდს რეკორდმაისტერში თამაშის შანსი ფაქტობრივად არ უნდა ჰქონოდა და ცნობილია, რომ მისი გადაბირება ამსტერდამის აიაქსს სურდა, მაგრამ ბავარიელებმა ჯოშუას შენარჩუნება გადაწყვიტეს. ახლა კი, ბევრისთვის მოულოდნელად, ზირკზეე უკვე რობერტ ლევანდოვსკის ისეთი შემცვლელია, რომელსაც თამამად შეიძლება ენდოს ბაიერნის დროებითი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი.

ვოლფსბურგთან მატჩის შემდეგ ლევანდოვსკის დაგეგმილი ოპერაცია გაუკეთეს და დიდი ალბათობით, პოლონელი მეორე წრის დასაწყისში დაბრუნდება. აი, ხავი მარტინესის ტრავმა კი სერიოზულია - 31 წლის უკანახაზელი თვენახევარი ვეღარ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები