Thumbnail

სუპერმატჩი ბუნდესლიგაში! დორტმუნდისა და ლაიპციგის 6-გოლიანი დუელი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დორტმუნდი 3:3 ლაიპციგი
  • დორტმუნდმა ლაიპციგთან ქულები დაკარგა და მე-3 ადგილზე დარჩა
  • ტიმო ვერნერმა დუბლი შეასრულა და ლევანდოვსკის გაუთანაბრდა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში დორტმუნდმა ლაიპციგს უმასპინძლა და, მიუხედავად 2-ბურთიანი უპირატესობისა, მატჩის მოგება ვერ მოახერხა.

ლუსიენ ფავრის გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. მასპინძლები ვაიგლის გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ლაიპციგს ბრანდტმა ძალიან ლამაზი კომბინაციის შემდეგ გაუტანა და დორტმუნდს სოლიდური უპირატესობა შეუქმნა, თუმცა ბოლო სეზონების გათვალისწინებით, დორტმუნდისთვის 2-ბურთიანი უპირატესობის განიავება მარტივი საქმეა.

ამ თამაშშიც ასე მოხდა. მეორე ტაიმის მე-2 წუთზე რომან ბიურკი შეცდა და ტიმო ვერნერმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ლაიპციგმა 50-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. ვერნერმა წონასწორობა მაინც აღადგინა - ტიმომ 53-ე წუთზე გამოიჩინა თავი და სეზონში მე-18 გოლი გაიტანა, რითიც ბომბარდირთა დავაში ლევანდოვსკის გაუთანაბრდა.

ზუსტად 2 წუთში სანჩომ დორტმუნდი ისევ წინ გაიყვანა, თუმცა ცვლილებაზე შემოსულმა პატრიკ შიკმა ლაიპციგს ქულა გადაურჩინა და ბუნდესლიგის ლიდერობა შეუნარჩუნა. შიკმა ბუნდესლიგის ბოლო 4 მატჩიდან 3 შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა.

დორტმუნდს 30 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა. ლაიპციგმა ბუნდესლიგაში პირველობა შეინარჩუნა, ნაგელსმანის გუნდი 34 ქულით პირველ პოზიციაზეა. მომდევნო ტურში დორტმუნდი ჰოფენჰაიმს ესტუმრება, ხოლო ლაიპციგი აუგსბურგს უმასპინძლებს.

სხვა ანგარიშები

ვერდერი 0:5 მაინცი

აუგსბურგი 3:0 დიუსელდორფი

უნიონ ბერლინი 0:2 ჰოფენჰაიმი

კომენტარები

ბოლო ამბები