Thumbnail
  • რობერტ ლევანდოვსკიმ ვერდერთან მატჩში დუბლი შეასრულა
  • პოლონელი გოლეადორი ბუნდესლიგის ისტორიაში მესამე ადგილზეა

როგორც მოსალოდნელი იყო, მიუნხენის ბაიერნმა ბრემენის ვერდერი ისევ დიდი ანგარიშით დაამარცხა. 6:1 მოგებულ მატჩში რეკორდმაისტერის ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ არამხოლოდ სეზონში მე-17 და მე-18 გოლები გაიტანა, არამედ ჯამში ბუნდესლიგაში 220 გოლი დაუგროვდა. ამ ბრწყინვალე შედეგით პოლონელი გერმანიის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირთა რეიტინგში თავის ყოფილ მწვრთნელს და თავის დროზე ლეგენდარულ თავდამსხმელს, იუპ ჰაინკესს გაუთანაბრდა.

74 წლის ჰაინკესს მიონხენგლადბახის ბორუსიას და ჰანოვერის ფორმით ბუნდესლიგაში ჯამში ასევე 220 გოლი აქვს გატანილი. ვერდერთან თამაშის შემდეგ ლევანდოვსკი, ყველა დროის რეიტინგში, მასთან ერთად მე-3 ადგილს იყოფს.

კლაუს ფიშერი, რობერტ ლევანდოვსკი და გერდ მიულერი

ბუნდესლიგის ისტორიაში ჰაინკესზე და ლევანდოვსკიზე მეტი გოლი მხოლოდ კლაუს ფიშერს (268) და გერდ მიულერს (365) აქვთ. პოლონელს რეალურად შეუძლია, რომ ფიშერსაც აჯობოს, აი, ‘ერის ბომბარდირად’ წოდებულ მიულერს კი ვეღარ დაეწევა.

220 გოლიდან, 31 წლის ლევანდოვსკის 146 მიუნხენის ბაიერნის ფორმით აქვს გატანილი, დანარჩენი 74 კი - დორტმუნდის ბორუსიაში თამაშის დროს გაიტანა.

“ასეთი ლეგენდარული ფეხბურთელის შედეგის გამეორება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ბედნიერი ვარ, რომ იუპ ჰაინკესს პირადად ვიცნობ - ის ხომ ჩემი მწვრთნელი იყო. მე მას დიდ პატივს ვცემ და ცოტათი გულიც კი მწყდება, რომ მისი შედეგი გავიმეორე, მაგრამ ფეხბურთი ასეთია,” - განაცხადა ლევანდოვსკიმ მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ პოლონელი გოლეადორი ბუნდესლიგის 4-გზის საუკეთესო ბომბარდირია. რობერტს ამ სეზონში უკვე 18 გოლი აქვს და 15 ტურის შემდეგ, მეორე ადგილზე მყოფ ტიმო ვერნერს (ლაიპციგი) 2 გოლით უსწრებს. გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და იმისათვის, რომ პირველი წრის ყველა დროის ბომბარდირი გახდეს, ლევანდოვსკის მომდევნო ორ მატჩში 3 გოლი სჭირდება. გერდ მიულერმა 1968/69 წლების სეზონის პირველ წრეში, 17 ტურში 20 გოლი შეაგდო.

TOP 10 | ბუნდესლიგის ყველა დროის ბომბარდირები

1. გერდ მიულერი - 365 გოლი
2. კლაუს ფიშერი - 268 გოლი
3. რობერტ ლევანდოვსკი - 220 გოლი
4. იუპ ჰაინკესი - 220 გოლი
5. მანფრედ ბურგსმიულერი - 213 გოლი
6. კლაუდიო პისარო - 197 გოლი
7. ულფ კირსტენი - 181 გოლი
8. შტეფან კუნტცი - 179 გოლი
9. კლაუს ალოფსი - 177 გოლი
10. დიტერ მიულერი - 177 გოლი

კომენტარები

ბოლო ამბები