Thumbnail

ლიანა ჯოჯუა MMA-ს ჩემპიონია! ქართველმა "მგელმა" მოსკოვში რუსს სცემა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველმა მებრძოლმა სამბოში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს სენსაციურად მოუგო.
  • 22 წლის ჯოჯუა პირველი ქართველი გოგონაა, ვინც ორთაბრძოლებში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.
  • ლიანა წლებია მოსკოვში ცხოვრობს, მაგრამ რინგზე ყოველთვის საქართველოს სახელითა და დროშით გამოდის.

ქართველმა მებრძოლმა გოგონამ ლიანა ჯოჯუამ, მეტსახელად "მგელმა",  მოსკოვში Fight Nights Global 83-ის ეგიდით გამართულ სატიტულო ბრძოლაში რუსი მარინა მოხნატკინა დაამარცხა და მსუბუქ წონაში (61.2 კგ-მდე) ММА-ს საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა.

მოსკოვის სახელმწიფო ცენტრალური საკონცერტო დარბაზის "როსიას" არენაზე გამართულ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად ხუთი რაუნდის ჩატარება გახდა საჭირო, საბოლოოდ კი მსაჯების გადაწყვეეტილებით, გამარჯვებულად 22 წლის ქართველი გოგონა გამოცხადდა - 144:139 (48:47, 49:45, 47:47). 

ლიანა საქართველოშია დაბადებული, ბავშვობის შემდეგ კი მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა, რინგზე საქართველოს სახელით და დროშით გამოდის.

მოსკოვში მცხოვრები ლიანა თავის ქართველობას ყოველთვის ხაზს უსვამს

რუსთან გამარჯვების შემდეგ ჯოჯუამ დარბაზში მადლობა გადაუხადა მწვრთნელებს, მშობლებსა და გულშემატკივრებს და შემოსძახა - საქართველოს გაუმარჯოს! 

აღსანიშნავია, რომ ჯოჯუას მეტოქე - მასზე შვიდი წლით უფროსი მარინა მოხნატკინა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია სამბოში. თანაც, რუსს ММА-ში მანამდე ჩატარებული ოთხი ბრძოლიდან ყველა ვადამდე ჰქონდა მოგებული. ქართველთან შეხვედრის წინ მოხნატკინა ფავორიტად ითვლებოდა და მის მოგებაზე ფსონიც ნაკლები იყო. 

ორთაბრძოლის წინ აშკარა ფავორიტად რუსი ითვლებოდა

სხვათა შორის, ლიანა ორთაბრძოლის წინ აცხადებდა, რომ თავის გამარჯვებაზე 1000 რუბლის დადებას გეგმავდა და წარმატების შემთხვევაში, სულ ცოტა, გახუთმაგებულ თანხას გამოიმუშავებდა.

ლიანა ჯოჯუასთვის ეს გამარჯვება ММА-ში (Mixed Martial Arts - შერეული ორთაბრძოლები) კარიერაში მეექვსეა. სულ კი მას ММА-ში 8 ბრძოლა აქვს ჩატარებული.

ასეთი იყო მსოფლიოს ჩემპიონის დღევანდელი დილა

გოგონა ერთი ხანობა ტაილანდურ კრივში გამოდიოდა, მოგვიანებით კი შერეულ ორთაბრძოლებში გადავიდა. ჯოჯუამ FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ეგიდით თავისი პირველი შეხვედრა შარშან ზაფხულში ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები