Thumbnail

ასისტენტი დააწინაურეს – ოლ ბლექსს ახალი მწვრთნელი ჰყავს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ზელანდიელებს 2 წლის განმავლობაში იან ფოსტერი გაწვრთნის
  • სტივ ჰანსენს 2019 წლის მსოფლიო თასზე წარუმატებლობა არ ეპატია

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ის 54 წლის იან ფოსტერი გახლავთ, რომელიც აქამდე უწინდელი თავკაცის სტივ ჰანსენის (მის ხელში, გუნდი ბოლო მსოფლიო თასზე მე-3 ადგილზე გავიდა) თანაშემწედ მუშაობდა.

“ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, იან ფოსტერი ოლ ბლექსს 2020 წლის სეზონიდან გაწვრთნის. მას საკმაო გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, დასახულ ამოცანას გაუმკლავდება. ღირსეული კანდიდატის შერჩევას წინ ხანგრძლივი პროცესი უძღოდა”, - აღნიშნა ზელანდიური რაგბის ბოსმა ბრენტ იმპიმ.

როგორც ირკვევა, ფოსტერმა ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, სამწვრთნელოს შტაბის დანარჩენ წევრებს კი, ის უახლოეს პერიოდში დაასახელებს.

“ჩემთვის, ოლ ბლექსის გაწვრთნა უდიდესი პატივია და მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც ნაკრებს მინდორზე პირველად გავიყვან. ამაყი ვარ იმით, რაც ზელანდიისთვის გასული 8 წლის განმავლობაში, ასისტენტის რანგში გავაკეთე, ახლა კი, ახალი სიმაღლეების დასაპყრობად ვემზადები”, - განაცხადა ახალმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ოლ ბლექსს გაისად 6 მატჩი ელის. ზელანდიელები ზაფხულის ტესტების დროს უელსსა (4 და 11 ივლისს) და შოტლანდიას (18 ივლისს) უმასპინძლებენ, რაგბი ჩემპიონშიპის ეგიდით კი, ავსტრალიას (15 აგვისტო), არგენტინასა (29 აგვისტო) და სამხრეთ აფრიკას (5 სექტემბერი) ეთამაშებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები