Thumbnail
  • რუბინის ნახევარმცველი შედეგიანი მოქმედებით ზედიზედ მეორე მატჩში გამოირჩა
  • 18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოაპოვებინა
  • ხვიჩა კვარაცხელია სოჩი-რუბინის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

რუბინის ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში საგოლე პასით გამოირჩა. ყაზანური გუნდი, რომელიც გასავარდნი ზონისგან დაშორებას ცდილობს, სტუმრად აუტსაიდერ სოჩის დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა (1:1).

რუბინის სასტარტო შემადგენლობაში იყო ზურიკო დავითაშვილი, კვარაცხელია კი მოედანზე თანამემამულის ნაცვლად, მეორე ტაიმში შევიდა. იმ დროისთვის სოჩი მინამალური ანგარიშით იგებდა, 49-ე წუთზე კი ხვიჩამ საგოლე გადაცემით ევგენი მარკოვი მოამარაგა.

ამ შეხვედრაში ყაზანელთა კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა - ნიკა ყიფიანმა, რომელიც მოედანზე 87-ე წუთზე გავიდა.

თამაშის შემდეგ, რუსეთის პრემიერლიგამ პარტნიორ ტელეარხთან МАТЧ ПРЕМЬЕР-თან ერთად, სოჩი-რუბინის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ რუბინი 18 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის შედეგიანი თამაშის წყალობით, ზედიზედ მეორე მატჩში ახერხებს ქულის მოპოვებას. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში, სტუმრად ახმატთან მატჩში (1:1), ხვიჩა გოლით გამოირჩა

სოჩისთან მოპოვებული ქულის შემდეგ, ყაზანის რუბინს 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. რუსეთის პრემიერლიგაში წინ ზამთრის პაუზაა და მომდევნო მატჩს ქართველების გუნდი უკვე 1-ელ მარტს ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები