Thumbnail

ეს იქნება ომი! ქართველი გოგონა, მეტსახელად "მგელი", ММА-ში რუსს ეჩხუბება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლიანა ჯოჯუა ММА-ს საჩემპიონო ქამრისთვის მოსკოვში რუს მარინა მოხნატკინას შეებრძოლება.
  • 22 წლის ქართველი გოგონა სამბოში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ომს ჰპირდება.

პირველად FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ისტორიაში, სატიტულო ბრძოლაში ქართველი გოგონა რუს მეტოქეს დაუპირისპირდება. დღეს მოსკოვში, ლიანა ჯოჯუა ММА-ს საჩემპიონო ქამრისთვის მსუბუქ წონაში (61.2 კგ-მდე) მარინა მოხნატკინას შეებრძოლება.

► UPDATE: ლიანა ჯოჯუა MMA-ს ჩემპიონია! ქართველმა "მგელმა" მოსკოვში რუსს სცემა

მარინა მოხნატკინა V ლიანა ჯოჯუა

22 წლის ჯოჯუა, მეტსახელით "მგელი", თავის მეტოქეზე შვიდი წლით უმცროსია, მაგრამ ММА-ში უკვე შვიდი ბრძოლის გამართვა მოასწრო, მათგან ხუთში კი გამარჯვება იზეიმა. 

ლიანა საქართველოშია დაბადებული, ბავშვობის შემდეგ კი მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა, რინგზე საქართველოს სახელით და დროშით გამოდის.

გოგონა ერთი ხანობა ტაილანდურ კრივში გამოდიოდა, მოგვიანებით კი შერეულ ორთაბრძოლებში გადავიდა. ჯოჯუამ FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ეგიდით თავისი პირველი შეხვედრა შარშან ზაფხულში ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. 

ჯოჯუამ MMA-ში გამართული 7 ბრძოლიდან 5 მოიგო

ქართველი მებრძოლი ქალის მთავარ კოზირებად ორივე ხელით "მძიმე დარტყმებს", ფიზიკურ ძალასა და ამტანობას ასახელებენ.

რაც შეეხება ლიანას მეტოქეს, მოხნატკინა სამბოში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, კონტინენტური პირველობის ორგზის და რუსეთის შვიდგზის ჩემპიონია. ММА-ში ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან ყველა ვადამდე, პირველსავე რაუნდში აქვს მოგებული.

ლიანა წლებია მოსკოვში ცხოვრობს, მაგრამ თავის ქართველობას ყველგან ხაზს უსვამს

"ბრძოლის წინ, ცოტა არ იყოს, ვღელავ, რაც ბუნებრივია. ამ შეხვედრისთვის ძალიან სერიოზულად მოვემზადე - დიდი ენერგია ჩავდე. შეკრებაზე ინტენსიური მომზადება გავიარე და ბრძოლისთვის სათანადოდ ვარ განწყობილი. 

მეტოქის შეხვედრების ჩანაწერები ვნახე. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ძირითადად პარტერში, მტკივნეულ ილეთზე მუშაობს -  ხელებზე, ფეხებზე. უნდა შევეცადო, რომ ამისგან თავი დავიცვა. 

ვფიქრობ, თავად ბევრი ძლიერი მხარე მაქვს, მაგრამ მინდა, რომ ორთაბრძოლა დგომში წარიმართოს და  სანახაობრივი გამოვიდეს.

ბევრი მის გამარჯვებას პირველსავე რაუნდში ელოდება და ფსონსაც მის მოგებაზე დებს, მაგრამ მგონია, რომ ბრძოლა არც ერთ, ორ ან სამ რაუნდში დასრულდება. ნამდვილი ომი იქნება და იმედი მაქვს, მეტოქეც ასეა განწყობილი. ჩემს გამარჯვებაზე კოეფიციენტი 5-ზე მეტია და გადავწყვიტე, საკუთარ მოგებაზე 1000 რუბლი დავდო…"

ვინ იფიქრებს, რომ მისი მთავარი კოზირები მძიმე დარტყმა, ფიზიკური ძალა და ამტანობაა?!

ММА (ინგ. Mixed Martial Arts) - შერეული ორთაბრძოლა იგივე ბრძოლა წესების გარეშე, სადაც სპორტსმენებს შეუძლიათ გამოიყენონ ილეთები სხვადასხვა სახეობებიდან: კრივიდან, კიკბოქსინგიდან, კარატედან, ჯიუ-ჯიცუსა და მუაი-ტაიდან.

კომენტარები

ბოლო ამბები