Thumbnail

‘ყველაფერს მივაღწიე’ - ყოფილი პირველი ჩოგანი კარიერას ამთავრებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კაროლინ ვოზნიაცკიმ განაცხადა, რომ დიდი სპორტიდან მიდის
  • დანიელი კარიერას ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ დაასრულებს

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი ავსტრალიის ღია პირველობის (20 იანვარი - 2 თებერვალი) შემდეგ კარიერას დაასრულებს. მელბურნის 2018 წლის ტრიუმფატორმა ეს ინფორმაცია პარასკევს, ინსტაგრამზე გაავრცელა.

“ჩოგბურთში მივაღწიე ყველაფერს, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, - წერს 29 წლის დანიელი ჩოგბურთელი პოსტში, - მივხვდი, რომ არსებობს ბევრი რამ, რისი გაკეთებაც კორტს მიღმა მსურს.”

ვოზნიაცკი განმარტავს, რომ აქტიური სპორტული კარიერის დასრულებას არანაირი კავშირი არ აქვს მის ჯანმრთელობასთან.

“WTA-ს 30 ტიტული მოვიგე, 71 კვირის განმავლობაში ვიყავი მსოფლიოს პირველი ჩოგანი და ოლიმპიურ თამაშებზეც ვიასპარეზე. 14-წლიანი კარიერა მთავრდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც კორტს მიღმა გამოჩნდება ისეთი რამ, რასაც სიამოვნებით გავაკეთებდი, სწორედ მაშინ გადავდგამდი ამ ნაბიჯს.”

შეგახსენებთ, რომ ვოზნიაცკიმ, რომელიც ამჟამად რეიტინგში 37-ე ადგილზეა, ზაფხულში ექს-კალათბურთელ დევიდ ლიზე იქორწინა.

კომენტარები

ბოლო ამბები