Thumbnail
  • 8 დეკემბერი  | ⌚ 15:30 | ⚽ საბურთალო V ლოკომოტივი
  • 2019 წლის სეზონი საქართველოს თასის ფინალით დასრულდება
  • მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგება

საქართველოში 2019 წლის საფეხბურთო სეზონი დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩით დასრულდება. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, თბილისური დერბი შედგება - საბურთალო ლოკომოტივს დაუპირისპირდება.

ეროვნულ ლიგაში საბურთალომ მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ლოკომოტივმა მეოთხე. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე გუნდს ევროპალიგის საგზური განაღდებული აქვს. შესაბამისად, თასის ფინალის მოტივაცია ევროტურნირს არ უკავშირდება და სასწორზე მხოლოდ ტიტული დევს.

საბურთალო 1999 წელს დაფუძნდა და ამ 20-წლიან პერიოდში ერთი ტიტული აქვს მოპოვებული. 2018 წელს, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2019 წლის სეზონი საბურთალოსთვის ადვილი არ იყო, რადგან გუნდმა ევროპალიგაზე სომხურ არარატ-არმენიასთან მწარე მარცხი იწვნია. თასის ფინალში გამარჯვებით თბილისელებს სეზონის კარგად დასრულება შეუძლიათ, ბოლო ორ სეზონში ორი ტიტული კი უდაოდ დიდ წარმატებად ჩაითვლება.

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში საბურთალომ ბოლნისის სიონი 5:1 დაამარცხა
📸 | საბურთალო

ლოკომოტივი სამჯერ გახდა საქართველოს თასის მფლობელი. პირველად 1999-2000 წლების სეზონში, შემდეგ 2001-2002 წლების სეზონში და ბოლოს, 2004-2005 წლების სეზონში. 2000-იანების დასაწყისში ლოკოს კარგი შემადგენლობა და ძლიერი გუნდი ჰყავდა. პირველ ფინალში თბილისელებმა ქუთაისის ტორპედოსთან ფრედ, 0:0 ითამაშეს, პენალტების სერიაში კი მეტოქე 4:2 დაამარცხეს. მეორე ფინალში სულიკო დავითაშვილის და ზაზა ჯანაშიას გოლებით 2:0 მოუგეს იმავე ტორპედოს, ხოლო მესამე ფინალში, 2005 წელს 2:0 სძლიეს ზესტაფონს, გოლები კი მიხეილ ბობოხიძემ და ნუკრი მანჩხავამ შეაგდეს. მოკლედ, ლოკომოტივი მეოთხე ტიტულს უმიზნებს.

დიდი ალბათობით, ორივე გუნდი 4-2-3-1 ტაქტიკით ითამაშებს, მაგრამ რთული სათქმელია, რომელ ფეხბურთელებს დაეყრდნობიან მწვრთნელები სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში. ლოკომოტივს ბიძინა მახარობლიძე ჰყავს ტრავმირებული, ხოლო საბურთალოს გიორგი დიასამაძე. სხვები მწყობრში არიან და საინტერესოა, როგორ არჩევანს გააკეთებენ გიორგი ჭიაბრიშვილი და ლევან კორღალიძე. 

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ლოკომოტივმა დინამო ბათუმი 2:1 დაამარცხა
📸 | პოპსპორტი

დავით უბილავა (ლოკომოტივის კაპიტანი):
"როგორც ყველა ფინალი, ვფიქრობ, დაძაბული და დრამატული მატჩი იქნება. იმედია, სანახაობრივიც, რომ მაყურებელმა ისიამოვნოს. რაც შეეხება საბურთალოს: ჩვენი მეტოქე ძალიან კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელი ჰყავს, კარგ ფორმაში არიან და საკმაოდ რთული შეხვედრა გველის. მთელი სეზონი და მათ შორის დასკვნითი წრე კარგად ჩავატარეთ. დინამო ბათუმთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომ კარგ ფორმაში ვართ. სრული მზადყოფნა გვაქვს თასის მოსაგებად".

გაგი მარგველაშვილი (საბურთალოს კაპიტანი)
"წინ სეზონის გადამწყვეტი მატჩი გველოდება. საქართველოს თასის მოგების შანსი პირველად გვაქვს და საამისოდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ეროვნულ ლიგაში ლოკომოტივთან დაძაბული მატჩები გვქონდა და რთულია იმის პროგნოზირება, ამჯერად ვის დარჩება გამარჯვება. ევროტურნირზე არარატ-არმენიასთან მარცხის გამო ყველა გვაკრიტიკებდა, რასაც ჩემპიონობის დაკარგვა მოჰყვა. ამიტომ, საქართველოს თასი უნდა მოვიგოთ და სეზონი კარგად დავასრულოთ". 

საინტერესო ფაქტები

⚽ საბურთალომ 2018 წელს ეროვნული ლიგა მოიგო და ისტორიაში მეორე ტიტულს უმიზნებს.

⚽ ლოკომოტივი საქართველოს თასის 3-გზის მფლობელია და მეოთხე ტიტულს უმიზნებს.

⚽ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში საბურთალომ 70 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილი დაიკავა.

⚽ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში ლოკომოტივმა 55 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

⚽ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში გუნდები 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: 3 მატჩი საბურთალომ მოიგო, ხოლო 1 ლოკომოტივმა.

⚽ ურთიერთშეხვედრებში ბურთების ბალანსია 8:2 საბურთალოს სასარგებლოდ.

⚽ საქართველოს თასის ფინალის გზაზე საბურთალომ შემდეგი გუნდები დაამარცხა: დინამო ბათუმი, სამტრედია, თბილისის მერანი, ქუთაისის ტორპედო.

⚽ საქართველოს თასის ფინალის გზაზე ლოკომოტივმა შემდეგი გუნდები დაამარცხა: ჩიხურა, თელავი,  მარტვილის მერანი, გარეჯი.

სავარაუდო შემადგენლობები

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი - ტერა, ალთუნაშვილი - როლოვიჩი, გორგიაშვილი, გაბედავა - კოხრეიძე.

ლოკომოტივი (4-2-3-1): ბულისკერია - უბილავა, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე - დარცმელია, შონია - თ. კირკიტაძე, სამურკასოვი, დ. კირკიტაძე - სიხარულიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები