Thumbnail
  • რეალი აიაქსიდან დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს
  • 22 წლის ჰოლანდიელმა ესპანური გრანდი უარით ერთხელ უკვე გაისტუმრა

მადრიდის რეალი ამსტერდამის აიაქსიდან დონი ვან დე ბეეკის გადაბირებას აპირებს. ამის შესახებ ჰოლანდიური მედია იუწყება, რომლის ცნობით, "სამეფო კლუბს" თავისი ნახევარდაცვის გაძლიერება 22 წლის ფეხბურთელით სურს და მზადაა, ტრანსფერში ამსტერდამელებს 55 მილიონი ევრო გადაუხადოს.  

რეალს ჰოლანდიელი ფეხბურთელის დამატება გასულ ზაფხულსაც სურდა, მაგრამ მაშინ აიაქსმა ვან დე ბეეკის გაყიდვაზე უარი, თავად ამ უკანასკნელის სურვილის გამო თქვა. ახალგაზრდა ნახევარმცველი მიიჩნევდა, რომ მისთვის უმჯობესი იქნებოდა, თუკი გარკვეული პერიოდი ისევ ჰოლანდიაში ითამაშებდა.

აიაქსიდან ესპანეთში  ფრენკი დე იონგის შემდეგ შესაძლოა დონი ვან დე ბეეკიც წავიდეს

შეგახსენებთ, რომ 2019/20 წლების სეზონის დაწყების წინ, რეალის მთავარმა მეტოქემ - ბარსელონამ, ამსტერდამული კლუბიდან უკვე გადაიბირა ერთი ფეხბურთელი - 22 წლის ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი, რომელიც კატალონიურ გუნდში ამჟამად სტაბილურად თამაშობს.

დონი ვან დე ბეეკი აიაქსის აღზრდილია, მის მთავარ გუნდში კი 2015 წლიდან გამოდის. ჰოლანდიელ ფეხბურთელს, რომელსაც ამსტერდამულ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ეროვნულ ნაკრებში უკვე 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

მიმდინარე სეზონში აიაქსის ნახევარმცველმა ერედივიზიეს 13 მატჩში ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები