Thumbnail

ევრო 2020-ის პლეი ოფი | საქართველოსთან მატჩამდე ბელარუსმა ამხანაგურები დაგეგმა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსმა ამხანაგური მატჩები უკვე დაგეგმა - უზბეკეთსა და ბულგარეთთან. 

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის დარჩენილი 4 საგზურისთვის ევროპის 16 ნაკრები, მათ შორის საქართველოს ეროვნული გუნდი, მომავალი წლის მარტში იბრძოლებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი D გზის ნახევარფინალში, ბელარუსს 26 მარტს უმასპინძლებს, წარმატების შემთხვევაში კი, 31 მარტს, უკვე ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს ნახევარფინალურ წყვილში მოგებულს მიიღებს.

ბელარუსებმა თადარიგი უკვე დაიჭირეს და საწვრთნელ-მოსამზადებელი შეკრება 19-26 თებერვალს დაგეგმეს. მიხაილ მერხელის გუნდი 23 თებერვალს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ამხანაგურად უზბეკეთს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც სოფიაში გადაინაცვლებს, სადაც 26 თებერვალს ბულგარელებთან ისპარინგებს.

მიხაილ მერხელი საქართველოში ჩამოსვლამდე გუნდს საამიროებსა და ბულგარეთში მოამზადებს

ამ დროისთვის ბელარუსის ნაკრები ფიფას რეიტინგში 87-ე ადგილზეა, საქართველო კი 91-ეა. უზბეკეთის ნაკრები, რომელიც აზიის კონფედერაციას წარმოადგენს, ფიფას რეიტინგში 85-ე პოზიციაზეა, ბულგარეთი კი - 59-ე.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვლადიმირ ვაისსა და სფფ-ს მარტის ბატალიებისთვის ამხანაგური მატჩები ჯერჯერობით არ დაუგეგმავთ.

ევრო 2020-ის ფინალურ ტურნირს, რომელიც 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაიმართება, პირველად ისტორიაში, უეფას 12 წევრი ქვეყნის 12 ქალაქი უმასპინძლებს. ფინალური მატჩი 12 ივლისს, ლონდონში, "უემბლიზე" ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები