Thumbnail

უეფას პრეზიდენტი: 'VAR ქაოსია, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს'

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი აღიარებს, რომ VAR არ მოსწონს
  • სლოვენიელს თამაშგარე მდომარეობის დაფიქსირების წესის შეცვლაც სურს 

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა ბრიტანულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც აღიარა, რომ მსაჯთა ვიდეოდახმარების სისტემის (VAR) მიმართ არცთუ კარგი დამოკიდებულება აქვს. 

"ეს რაღაც ქაოსია. მიმაჩნია, რომ არ უნდა ვაფიქსირებდეთ თამაშგარეს, როდესაც თითო-ოროლა სანტიმეტრზეა საუბარი. თუ ფეხბურთელს დიდი ცხვირი აქვს, მაშინ ის აუცილებლად მოხვდება თამაშგარეში.

გვსურს ცვლილებები შევთავაზოთ როგორც ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს, ისე - მსაჯებს. მაგალითად, დაფიქსირდეს თამაშგარე მაშინ, როდესაც გადაცდომა სულ ცოტა 10-20 სანტიმეტრი იქნება.

არ მომწონს, რომ ფეხბურთელები გოლს აღარ აღნიშნავენ - ჯერ VAR-ის გადაწყვეტილებას ელოდებიან", - ამბობს 52 წლის სლოვენიელი.

სისტემა VAR-ს ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში ამ სეზონიდან იყენებენ

ალეკსანდერ ჩეფერინს არც ის მოსწონს, რომ ფეხბურთში ხელით თამაშის წესი გაუგებარია.

"ორი კვირის წინ ტოპ-კლუბების მწვრთნელებთან გვქონდა შეხვედრა, სადაც განვიხილეთ საკითხი, სად ფიქსირდება ხელით თამაში და სად არა. აზრი გაიყო და ვერავინ ახსნა, რომელია სწორი. რას ნიშნავს განზრახ? რეფერი ფსიქოლოგი ხომ არაა, რომ გამოიცნოს, შენ რა გააკეთე განზრახ და რა არა?".

უეფას პრეზიდენტის აზრით, დღეს ფეხბურთში არბიტრებზე წნეხი განსხვავებულია იმისგან, რაც უწინ იყო.

"დღეს ფეხბურთში სულ სხვა წნეხია - როდესაც მსაჯობთ და სტადიონზე შეკრებილი 80 ათასი ადამიანი გიყვირით, კონკრეტულ ეპიზოდზე მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და არა ვინმე სხვამ, სადმე ლონდონსა თუ ბერლინში.

არ ვარ ფანატი, მაგრამ ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი VAR-ის მიმართ, ახლა კი შემიძლია გითხრათ, რომ შედეგი არ მაკმაყოფილებს. მაგრამ სამწუხაროდ, უკან დასახევი გზა უკვე არ არსებობს", - ამბობს ჩეფერინი.

VAR ფეხბურთის წესებში ოფიციალურად 2018 წლიდან, სისტემის რამდენიმე ლოკალურ და საერთაშორისო ტურნირში გამოცდის შემდეგ შეიტანეს. უეფამ VAR-ის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფსა და ევროპალიგის ფინალში გამოყენება 2018/19 წლის სეზონიდან დაიწყო. ამ სეზონში სისტემას ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში მოიხმარენ, ხოლო ევროპალიგაში - პლეი ოფის სტადიიდან.

კომენტარები

ბოლო ამბები