Thumbnail

ახალი პასპორტი მოლაეის – ირანელი ძიუდოისტი მონღოლებმა შეიფარეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საეიდ მოლაეი ირანელთა უცნაურ შეზღუდვებს გაექცა
  • შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი სარეიტინგო ქულებს დაკარგავს

27 წლის ირანელმა ძიუდოისტმა საეიდ მოლაეიმ მონღოლეთის მოქალაქეობა მიიღო და უახლოეს პერიოდში ახალი ქვეყნის სახელით იასპარეზებს.

მოლაეი შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ, მისი საკითხი კი ძიუდოს სამყაროში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ირანის ხელისუფლების მიერ სპორტსმენის შევიწროების ფაქტი გახმაურდა.

საეიდს ისრაელის წარმომადგენლებთან დაპირისპირება აკრძალული ჰქონდა, რის გამოც საერთაშორისო ტურნირებზე არაერთი მედალი დაკარგა.

მოლაეი იძულებული იყო არასპორტული საქციელისთვის ხშირად მიემართა, რაც, როგორც წესი, ტრავმის მომიზეზებაში აისახებოდა ხოლმე.

ბოლო-ბოლო ამგვარი ცხოვრება თავად ირანელ სპორტსმენსაც მობეზრდა და მან დახმარებისთვის ძიუდოს საერთაშორისო ოჯახს მიმართა.

იყო საუბარი, რომ საეიდს მოქალაქეობას გერმანია სთავაზობდა, თუმცა, ბოლო პერიოდში მონღოლეთმა იაქტიურა და შეთანხმებაც შედგა.

შეგახსენებთ, რომ მონღოლეთის პრეზიდენტი ყოფილი ძიუდოისტი ხალტმააგინ ბატულგა გახლავთ, ამდენად, შესაბამისი პროცედურები ძალიან მალე მოგვარდა და საეიდს მონღოლეთის პასპორტი გადაეცა.

მოსალოდნელია, რომ მოლაეი მოახლოებულ ცინდაოს (ჩინეთი) მასტერსზე, რომელიც სტარტს 12 დეკემბერს აიღებს, ჯერ კიდევ ლტოლვილთა საერთაშორისო გუნდის სახელით იასპარეზებს, შემდეგ კი, უკვე ზურგზე მონღოლეთი ეწერება.

სხვა საქმეა, რომ რეგულაციის თანახმად, მოლაეი სარეიტინგო ქულებს დაკარგავს და მონღოლეთის სახელით მონაგარის შევსება თავიდან მოუწევს.

81 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ახალ ნაკრებში მისი უმთავრესი კონკურენტები ოტგონბაატარ უუგანბაატარი (რეიტინგში მე-17) და ნიამსურენ დაგვასურენი (27-ე) იქნებიან.

მონღოლეთისთვის, რომელიც რამდენიმე წამყვანმა ძიუდოისტმა დატოვა და სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა არჩია, მოლაეის შემატება დიდი ამბავი უნდა იყოს.

ამ აზიურ ქვეყანას 1 მედალი მაინც 2004 წლიდან მოყოლებული ყველა ოლიმპიდაზე აქვს აღებული და როგორც სჩანს, ეს ტრადიცია გაგრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები