Thumbnail

‘სანვულვზი სუპერ რაგბიში თავის კვალს დატოვებს’ – ბრეგვაძე იაპონურ კარიერაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘აქაური ჩემპიონატი 3-4 წელიწადში ინგლისის პრემიერშიფსა და ტოპ 14-ს გაუტოლდება’
  • ჯაბა ბრეგვაძემ სანვულვზთან კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ კომენტარი გააკეთა

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქართველი მორაგბე ჯაბა ბრეგვაძე იაპონურ სანვულვზში დაბრუნდა და მომავალ სეზონს სუპერ რაგბიში გაატარებს, სადაც ახალზელანდიური, ავსტრალიური, სამხრეთაფრიკული და არგენტინული გუნდებიც ირიცხებიან.

32 წლის ბორჯღალოსანმა, რომელიც სანვულვზში უკვე მე-3 სეზონს დაიწყებს, თავისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდთან ისაუბრა.

ჯაბა ბრეგვაძე სუპერ რაგბიში მე-3 სეზონს დაიწყებს

“სუპერ რაგბის გასული სეზონის დასრულების შემდეგ, სანვულვზმა კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა, მაგრამ დეტალები იყო დასაზუსტებელი და ამ ამბის გახმაურების უფლება არ მქონდა. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ იაპონიაში სუპერ რაგბის მომავალი სეზონის ბოლომდე ვრჩები.

ვიცით, რომ სუპერ რაგბში ბოლო სეზონს ვატარებთ, მაგრამ უბრალოდ ტურნირის ჩამთავრებაზე არავინ ფიქრობს. მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგადაა დაგეგმილი და მიზანი რაც შეიძლება ბევრი თამაშის მოგებაა.

გუნდის ხელმძღვანელობის სერიოზულ განწყობაზე ისიც მეტყველებს, რომ მომავალი სეზონისთვის რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე დაიტოვეს. დარწმუნებული ვარ, რომ სანვულვზი სუპერ რაგბიში თავის კვალს დატოვებს.

ამ ფრანჩაიზის შექმნის მიზანი იაპონიის ნაკრების განვითარება იყო. რადგან წელს მსოფლიო თასი იმართებოდა, გუნდში იაპონელი მორაგბეები გამუდმებით შემოდიოდნენ და გადიოდნენ, რათა მაღალი დონის თამაშების გამოცდილება მიეღოთ.

გარდა ამისა, ეს სუპერ რაგბია, სადაც ერთი შეცდომა, ერთი ბარათის მიღება, შესაძლოა ძალიან ძვირი დაგიჯდეს. გასულ სეზონში ორი მოსაგები თამაში გვქონდა, თუმცა წითელი ბარათის გამო, საბოლოოდ ისინი 30 ქულის სხვაობით დავთმეთ.

აქ თითოეული შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს და ამიტომაა ევროპულ ჩემპიონატებთან შედარებით დიდი ანგარიშები რომ ფიქსირდება.

ჯერ დიდი დროა და კონკრეტულზე არ მიფიქრია, თუმცა ამ გადასახედიდან, ევროპაში წასვლას იაპონიაში დარჩენა მირჩევნია. იაპონურ კლუბებში მრავლად არიან სამხრეთელი ლეგიონერები და თუ ასე გაგრძელდა, აქაური ჩემპიონატი 3-4 წელიწადში ინგლისის პრემიერშიფსა და საფრანგეთის ტოპ 14-ს გაუტოლდება.

მით უმეტეს, რომ უკვე სერიოზულად მუშაობენ პროფესიონალური ლიგის შექმნაზე. ამას თავისი მიზეზი აქვს: ევროპაში სეზონი 11 თვე გრძელდება, იაპონიის ჩემპიონატი კი მხოლოდ – 4-5 თვე. შესაბამისად, მოთამაშეებს დასვენების და კარიერის გახანგრძლივების მეტი საშუალება აქვთ.

მაღალი დონის მორაგბეების ნაკლებობას არც ევროპული კლუბები უჩივიან, მაგრამ სუპერ რაგბი მაინც განსხვავებულია. ინგლისში სწრაფ, სისტემურ რაგბს თამაშობენ, საფრანგეთში უფრო ძალისმიერ რაგბს მისდევენ და ინდივიდუალიზმია წინა პლანზე, აქ კი ყველაფერი ერთადაა.

შესაძლოა შეგხვდეს 115 კგ. ფრთის მოთამაშე, რომლის სისწრაფე ევროპელი, 80-კილოგრამიანი უკანახაზელისას არაფრით ჩამოუვარდება. მაგრამ არის სირთულეებიც – თამაშიდან თამაშამდე 10-12 საათი ჰაერში ხარ და აღდგენისთვის და სრულფასოვანი ვარჯიშისთვის ცოტა დრო გრჩება“.

შეგახსენებთ, რომ სუპერ რაგბის 2020 წლის სეზონი 31 იანვარს დაიწყება, სანვულვზი კი პირველ მატჩს 1 თებერვალს, შინ, ავსტრალიურ მელბურნ რებელსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები