Thumbnail

ბორჯღალოსნები ფრანგ ბარბაროსებს დინამო არენაზე უმასპინძლებენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ეროვნული ნაკრების დიდი მატჩი ფრანგ ბარბაროსებთან.
  • საჩუქარი ქართველ გულშემატკივარს - ნაკრების მატჩი ზაფხულში.
  • უმაღლესი ხარისხის მატჩი დინამო არენაზე.

31 მაისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე ფრანგ ბარბაროსებს შეხვდება, რომლებსაც საფრანგეთის მეორე ეროვნულ ნაკრებს უწოდებენ. ეს არის პირველი შემთხვევა, ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ნაკრების ქომაგი ბორჯღალოსნების მატჩს ზაფხულში იხილავს. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის ორგანიზება საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოხდა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე : „ზაფხულის პერიოდში ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრების თამაშების ცოცხლად ხილვის შესაძლებლობას მოკლებულია. გვსურდა საჩუქარი გაგვეკეთებინა. 31 მაისს დინამო არენაზე ფრანფ ბარბაროსებს შევხვდებით.''

ამავე მემორანდუმის საფუძველზე, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ახლახანს თებერვლამდე ‘ლე ბლეს’ (საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თიკუნი) ბაზაზე, ‘მარკუსიზე’ შეკრება გაიარეს და საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების განვითარებად გუნდთან ორი მატჩი გამართეს.

► U20 - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფრანგებს ნულზე მოუგეს

მემორანდუმის შესახებ საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმაც ისაუბრა.

ბერნარ ლაპორტი: „საქართველო ევროპულ და მსოფლიო რაგბში  მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და აქედან გამომდინარე, საფრანგეთის რაგბის კავშირი დიდი სიხარულით დათანხმდა ამ მნიშვნელოვანი მატჩის გამართვას. 2017 წლიდან საფრანგეთის რაგბის კავშირმა ‘ფრანგ ბარბაროსებს’ მეორე ეროვნული ნაკრების სტატუსი მიანიჭა. ამ გუნდის მიზანია რაგბის ცოდნის, სიყვარულის, ფასეულობების ამაღლება და გავრცელება. ვიცი რომ  ეს ორი შეუდარებელი  გუნდი დიდ პატივს სცემს ამ ფასეულობებს და შედეგის მიუხედავად, ერთმანეთს პატივისცემასა და სიყვარულს გაუზიარებენ“.

რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე მომავალი მატჩის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ფრანგი ბარბაროსები ზუსტად ისეთი გუნდია, რომელსაც ზაფხულის პერიოდში ვეთამაშებით. ისინი საქართველოს პირველად ეწვევიან და ეს მათი მხრიდან ჩვენი დაფასება და აღიარებაა.

ამ ამბავს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც გამოეხმაურა.

მილტონ ჰეიგი : „მოგეხსენებათ, წლის განმავლობაში უმთავრესად ტიერ2-ის გუნდებს ვეთამაშებით.  ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ ტიერ1-ის ნაკრებს, ისიც გასვლაზე. ჩვენ გამუდმებით ვმუშაობდით ძლიერ გუნდებთან ხშირად შეხვედრის შესაძლებლობებზე და ‘ბარბაროსებთან’ თამაშის ვარიანტსაც განვიხილავდით. მოლაპარაკებებმა და მიზანმიმართულმა მუშაუბამ შედეგი გამოიღო და ‘ფრანგ ბარბაროსებს’ შევხვდებით, რომელიც საფრანგეთის მეორე ერონული ნაკრებია“. ფრანგ ბარბაროსებთან თამაში გამოგვადგება როგორც ოკეანეთის ტურნესთვის, ასევე მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად. ქომაგს ექნება შესაძლებლობა საკუთარი თვალით იხილოს ძალიან ძლიერი გუნდი, საფრანგეთის მეორე ნაკრები, რომელიც კლასიკური ფრანგული ხასიათით გამოირჩევა. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ფრანგების თამაშებს ვუყურებდი, ჩემთვის ეს ხასიათი განსაკუთრებულ მიმზიდველობას ქმნიდა და დარწმუნებული ვარ ის სტაჟიან ქართველ გულშემატკივარსაც ემახსოვრება. ხოლო ჩვენთვის, როგორც გუნდისთვის, ასევე მოთამაშეებისთვის, ესაა რეალური შანსი ვითამაშოთ ძალიან საინტერესო გუნდის წინააღმდეგ“


ვინ არიან ფრანგი ბარბაროსები?

რაგბის კლუბი ბარბაროსები, რომელიც მოიხსენება როგორც ‘ფრანგი ბარბაროსები’ 1979 წელს ბრიტანული ‘ბარბაროსების’ (მსოფლიოს უხუცესი წვეული გუნდი, რომელიც სათავეს 1890 წლიდან იღებს) მაგალითზე ჩამოყალიბდა და პირველ წლებში მიზნად სამოყვარულო რაგბის და სარაგბო ტურნეების პოპულარიზაციას ისახავდა. 2017 წლიდან გუნდს ოფიციალურად მიენიჭა საფრანგეთის მეორე ეროვნული ნაკრების სტატუსი.

‘ფრანგმა ბარბაროსებმა’ პირველი თამაში 1980 წელს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და 26:22 დაამარცხეს, ბოლოს კი 2017 წლის 10 ნოემბერს ახალი ზელანდიის ‘მაორი ოლ ბლექსი’ (Maori All Blacks) მიიღეს და 19:15 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში ‘ფრანგ ბარბაროსებს’ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ტოპ 14-ის ჩემპიონი ‘კლერმონის’ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლეგენდარულმა ორელიენ რუჟერიმ უკაპიტნა.

ისტორიის მანძილზე ‘ფრანგი ‘ბარბაროსები’ 5-ჯერ შეხვდნენ ‘ოლ ბლექსს’ და ერთხელ მეტოქის დამარცხებაც მოახერხეს, ორჯერ ავსტრალიას, სამი თამაშიდან სამივე მოუგეს სამხრეთ აფრიკას, ხოლო ყველაზე ბევრჯერ - 8-ჯერ, არგენტინელებს შეხვდნენ და 5 მარცხის წილ 3 მოგება აქვთ. ტიერ1-ის სხვა გუნდებიდან ნათამაშები აქვთ შოტლანდიასთან, ირლანდიასთან, უელსთან და საფრანგეთთანაც, ხოლო ტიერ2-ის გუნდებიდან იაპონიასთან, ფიჯისთან, კანადასთან, ტონგასთან, სამოასთან და ნამიბიასთან. ‘ფრანგმა ბარბაროსებმა’ ყველაზე დიდი სხვაობით 1985 წელს იაპონიასთან მოიგეს (45:4), ხოლო თავად 2003 წელს დამარცხდნენ საფრანგეთთან (12:83). ბოლო 10 თამაშიდან მათ 9 მოიგეს (არგენტინასთან 2, იაპონიასთან 3, სამოასთან, ნამიბიასთან, ავსტრალიის „ა“ ნაკრებთან და ‘მაორი ოლ ბლექსთან) და მხოლოდ ერთი წააგეს არგენტინასთან.

ბორჯღალოსნების მომავალი მეტოქე ლურჯი და ლაჟვარდისფერი კომბინირებული კვართებით თამაშობს. რაც შეეხება წინდებს, ‘ბარბაროსების’ ტრადიციის თანახმად, ყველა მოთამაშე მოედანზე საკუთარი კლუბის წინდებით გადის.

ბილეთებისა და შეხვედრის დროის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები