Thumbnail
  • ვიტესმა ფეიენოორდთან მატჩის წინ ქართველის გოლი გაიხსენა
  • გურამ კაშია არნემელთა ღირსებას 2010-18 წლებში იცავდა

ჰოლანდიურმა ვიტესმა სოციალურ ქსელში ქართველი კაპიტანი გურამ კაშია გაიხსენა, რასაც გუნდის ქომაგების ემოციური პოსტები მოჰყვა.

🔙 februari 2018 vs Feyenoord ⚽ openingstreffer van Captain Kashia 🛒 Tickets scoor je via http://Vitesse.nl/vitfey

Posted by Vitesse on ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2019

არნემელებს ერედივიზიონში მომდევნო საშინაო მატჩი 8 დეკემბერს ფეიენოორდთან ელით, კაშიას თემა კი ერთი ფაქტორის გამო ამოტივტივდა.

ვიტესის ფეიენოორდთან ბოლო გამარჯვება გასული წლის თებერვლით თარიღდება, როდესაც გუნდში ქართველი მცველიც ირიცხებოდა და წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

არნემელები “გელრედოუმზე” 0:1-ს აგებდნენ, პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში სწორედ გურამმა გაათანაბრა, დარჩენილ დროში კი, მასპინძლებმა კიდევ 2-ჯერ გაიტანეს და 3:1 იმარჯვეს.

ვიტესის ფანების მიერ გურამ კაშიასადმი მიძღვნილი ბანერი

აღნიშნულის გამო, ვიტესმა მომავალი თამაშის სარეკლამო პოსტს სწორედ კაშიას ფოტოები დაურთო, გამოხმაურებებში კი გამოჩნდა, რომ გუნდის ქომაგებს ქართველი კაპიტანი ისევ ენატრებათ. ამის დასტურად რამდენიმე კომენტარს გაგაცნობთ.

Jolanda Willemse: “სამწუხაროა, რომ ეს წარსული დროა”

Ricardo En Monique Smit: “ლიდერი, რომელიც გვაკლია”

Netty Koedam: “დაგვიბრუნდი”

HansieHansie van Ojik: მუხტი, რომელიც კაშიას დროს გვქონდა, აღარაა. დღევანდელ შემადგენლობაში ეს როლი ვერავინ იტვირთა”

აღსანიშნავია, რომ ვიტესმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და ლიდერთა შორისაც იყო, თუმცა, უკანასკნელი 4 მატჩი წააგო და გუნდი რუს თავკაც ლეონიდ სლუცკისაც წყალი შეუდგა.

ახლა, არნემელები 23 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩი კი 29 ნოემბერს, სტუმრად, ჰერენვენთან ელით.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 32 წლის კაშია ვიტესის ღირსებას 2010-18 წლებში იცავდა და 244 მატჩში 20 გოლის გატანა მოასწრო, არნემიდან აბარგების შემდეგ კი MLS-ს მიაშურა და უკვე მე-2 სეზონია სან ხოსეს ღირსებას იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები