Thumbnail

ბრეგვაძე სუპერ რაგბიში ბრუნდება – სანვულვზმა ქართველი განაცხადში შეიყვანა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ მორაგბეს იაპონურ ფრანჩიზაში 2 სეზონი აქვს გატარებული
  • სანვულვზი ჯაბა ბრეგვაძის დაბრუნებას ტვიტით გამოეხმაურა

32 წლის ქართველი მორაგბე ჯაბა ბრეგვაძე მომავალ სეზონსაც იაპონურ სანვულვზში გაატარებს.

სუპერ რაგბის იაპონურმა ფრანჩიზამ წინასწარი 15-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და იქ ქართველი კვაჭიც ფიგურირებს, რომლისთვისაც სანვულვზი უცხო კლუბი სულაც არ გახლავთ.

ჯაბას იაპონურ კლუბში 2 სეზონი აქვს გატარებული და მის აქტივში 21 მატჩი და 1 ლელოა.

ბოლო თვეების განმავლობაში, ბრეგვაძის მომავალი გაურკვეველი იყო, ახლა კი, ყველაფერს ნათელი მოეფინა და ის ახალი სეზონისთვის მზადებას იაპონელებთან ერთად დაიწყებს.

საინტერესოა, რომ სანვულვზი ქართველი მორაგბის დაბრუნებას სპეციალური ტვიტით გამოეხმაურა, სადაც გასულ მსოფლიო თასზე, ურუგვაის ნაკრებთან მატჩში, ჯაბას შედეგიანი ქმედებაა ასახული.

შეგახსენებთ, რომ ბრეგვაძემ სამხრეთამერიკელებთან შეხვედრაში ბურთი ოსტატურად გადაკიდა, მას თავად მიჰყვა, მეტოქე შებოჭა, ეპიზოდი კი გიორგი კევესელაძის ლელოთი დასრულდა.

ვთქვათ ისიც, რომ თუკი არაფერი შეიცვალა, 2020 წელი სანვულვზისთვის სუპერ რაგბიში ბოლო იქნება. საქმე ის გახლავთ, რომ პრესტიჟულ ტურნირში გუნდების შემცირებას აპირებენ და იაპონელებთან თანამშრომლობის შეწყვეტაც ამიტომ იგეგმება.

ამ  დროისთვის, პრესტიჟულ ტურნირში, იაპონელთა გარდა, 5 ახალზელანდიური, 4 ავსტრალიური, 4 სამხრეთაფრიკული და ერთიც არგენტინული გუნდი ირიცხება.

კომენტარები

ბოლო ამბები