Thumbnail
  • ჩინეთში 13 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ
  • ცინდაოში მხოლოდ წონების მოწინავეები იასპარეზებენ

ცნობილი გახდა იმ ძიუდოისტთა ნუსხა, რომლებიც საქართველოს ნაკრების ღირსებას მომავალ თვეში ჩინეთში დაგეგმილ მასტერსზე დაიცავენ.

შეგახსენებთ, რომ მოახლოებული შეჯიბრი ცინდაოში 12-14 დეკემბერს ჩატარდება და ეს, წლეულს, ბოლო საერთაშორისო ტურნირი იქნება.

მასტერსის წესდების თანახმად, ტატამზე გასვლის უფლება მხოლოდ წონის 36 საუკეთესო წარმომადგენელს აქვს, ამდენად, შეჯიბრზე უძლიერეს ძიუდოისტებს ვიხილავთ.

სწორედ ამითაა განპირობებული საქართველოს ნაკრების რიგებში მომხდარი ერთი-ერთი ბოლო ცვლილება. გუნდში ვერ მოხვდა ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის მიმდინარე რეიტინგში 39-ე ადგილზეა, მისი ადგილი კი ლაშა ბექაურმა (36-ე) დაიკავა.

ნაკრების განაცხადში არ გახლავთ მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, რომელსაც ტრავმა ჯერაც არ მოუშუშებია. ტატამიზე ვერ გავა ამირან პაპინაშვილიც. შედეგად, ამ დროისთვის, გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

60 კგ. – ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. – ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი
90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა ბექაური
100 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ. – გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი
57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი

წინასწარი ინფორმაციით, ცინდაოს მასტერსზე 5 კონტინენტის 68 ქვეყნის 453 ძიუდოისტს (242 კაცი+211 ქალი) ვიხილავთ. დღეების მიხედვით, განრიგი ასე გამოიყურება: 12 დეკემბერი – 48, 52, 57, 60 და 66 კგ. 13 დეკემბერი – 63, 70, 73 და 81 კგ. 14 დეკემბერი – 78, +78, 90, 100 და +100 კგ.

კომენტარები

ბოლო ამბები