Thumbnail

Valve-მ Half-life-ის ახალი თამაში დააანონსა!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Half-Life: Alyx 2020 წლის მარტში გამოვა და ის VR თამაში იქნება
  • ახალი თამაში Half-Life-ის ისტორიის გაგრძელებაა, თუმცა ის Half-Life 3 არ არის

13 წლიანი მოლოდინისა და კომპიუტერული თამაშების ისტორიაში ყველაზე დაძაბული ეპიზოდის შემდეგ, როგორც იქნა, Half-Life ბრუნდება! Valve-მ ფრენჩაიზის გაგრძელება VR თამაშის სახით დააანონსა, რომელსაც Half-Life: Alyx ჰქვია.

Valve-ს წარმომადგენლების განცხადებით, თამაში VR-ის ექსკლუზივია და მასში მოქმედება Half-Life-ისა და Half-Life 2-ის მოვლენებს შორის მიმდინარეობს, მაშინ როცა, ალიქს უანსი და მამამისი ელი უცხოპლანეტელთა მიერ დედამიწის დაპყრობის წინააღმდეგ იბრძვიან. თამაშში ალიქსის როლს მოირგებთ და კიდე ერთხელ მოახდენთ გრავიტაციის მანიპულაციას ე.წ. ''გრავიტაციული ხელთათმანებით'' რომლითაც, როგორც თრეილერში ვხედავთ, ალიქსი იარაღს იზიდავს.

რაც შეეხება გეიმფლეის, Valve-ს კომენტარი ასეთია:

''თამაშში ისწავლით, როგორ უნდა დაუმიზნოთ დანგრეული კედლის ხვრელში ან მიწისკენ და გამოიმუშავოთ წარმოუდგენელი მიზანი. მოგიწევთ, გადაქექოთ უამრავი თარო სამკურნალო კაფსულებისა და ტყვიების ძიებაში. იმოქმედოთ სტრატეგიულად. ისწავლოთ მტრის ყურადღების გაფანტვა. ''

თუმცა, თუ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, გგონიათ, რომ Vavle სტანდარტული, დაუსრულებელი და ზედმეტი იმედის მომცემი VR თამაშის გამოშვებას გეგმავს, სტუდიის ერთ-ერთი დეველოპერის, დევიდ სპეიერის ინტერვიუს გაეცანით. 

დევიდ სპეიერი, პუბლიკაცია The Verge-სთან ინტერვიუში ამბობს:

''ეს თამაში არც ცალკეული ისტორიაა და არც მცირე ეპიზოდი. ეს Half-Life-ის ისტორიის ახალი თავია და თამაში დაახლოებით Half-Life 2 ის ზომისა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება Half-Life 2-ის ისტორიამდე ვითარდება, ჩვენ გირჩევთ, რომ სანამ Alyx-ის თამაშს დაიწყებთ, Half-Life 2-ს გადახედოთ. ამის მიზეზს თამაშის დროს თავადაც მიხვდებით.''

კითხვაზე, თუ რა ელის Half-Life-ის სამყაროს Alyx-ის შემდეგ, დევიდ სპეიერმა უპასუხა:

''რა საკვირველია, ჯერ პუბლიკის რეაქციას უნდა დაველოდოთ. მას შემდეგ, Half-Life: Alyx გამოვა, ვაპირებთ, ფრენჩაიზის განვითარება განვაგრძოთ.''

მაშასადამე, Half-Life: Alyx არც ტექნიკური დემოა, არც მთლად პრიქუელი და არც ცალკეული ეპიზოდი. და, მიუხედავად იმისა, რომ Alyx პირდაპირი გაგრძელება არ არის, Half-Life-ის ფანები, ალბათ, სავარაუდოდ, Half-Life 2-ის მიერ გაჩენილ კითხვებზე, ადრე თუ გვიან, მიიღებენ პასუხებს.

კომენტარები

ბოლო ამბები