Thumbnail

ვაისი შესაძლოა წავიდეს - საქართველოს ნაკრების თავკაცის რუსული ვარიანტი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 55 წლის სპეციალისტს სფფ-სთან კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება
  • სლოვაკი რუსეთის პრემიერლიგის გუნდის მწვრთნელობის კანდიდატია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი დეკემბერში უმთავრდება, სამუშაოს გაგრძელების ვარიანტი რუსეთის ჩემპიონატში აქვს.

ამის შესახებ რუსული მედია იუწყება, რომლის ცნობით, ვლადიმირ ვაისი რუსეთის პრემიერლიგის კლუბის, სოჩის მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია.

ვლადიმირ ვაისს რუსეთში კარიერა მთლად წარმატებული არ ჰქონდა

55 წლის სლოვაკი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2016 წლის გაზაფხულიდან წვრთნის. ვაისის ხელმძღვანელობით გუნდმა ვერც მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და ვერც ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი, თუმცა გუნდს მომავალი ევროპირველობის საგზურის მოპოვების შანსი მაინც აქვს - პლეი ოფი, სადაც გაისად მარტში, მანამდე ერთა ლიგაში წარმატებული გამოსვლის წყალობით ითამაშებს.

ხმები იმის შესახებ, რომ ვაისისა და საქართველოს ნაკრების თანამშრომლობა წელსვე შეიძლება დასრულდეს, ცოტა ხნის გავრცელდა. კულუარული ინფორმაციით, სლოვაკის მიწვევით ყაზახეთის ჩემპიონი ასტანაც ინტერესდება. თავად ვაისმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, დარჩება თუ არა საქართველოს ეროვნულ გუნდში.

სლოვაკმა საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის D დივიზიონი მოაგებინა

მეტი ამ თემაზე: ვაისი: მიუხედავად იმისა, დავრჩები თუ არა, საქართველოს წარმატებას ვუსურვებ

სოჩის ჩემპიონატში გასული 16 ტურის სემდეგ, 13 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილზეა და დაქვეითების უმთავრესი კანდიდატია. გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა უკვე დატოვა ალეკსანდრ ტოჩილინმა. 

ვლადიმირ ვაისი რუსეთს კარგად იცნობს - 2006-07 წლებში ის რამენსკოეს სატურნს წვრთნიდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, კლუბს ვადამდე დაშორდა. სლოვაკეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს ასევე აქვს ყაზახეთში მუშაობის გამოცდილებაც - საქართველოს ნაკრებში მოსვლამდე ის, 2013-15 წლებში, ალმათის ქაირათში მუშაობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები