Thumbnail
  • ქართველი მორაგბე ფრანგული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია
  • ოთარ გიორგაძემ გასულ უქმეებზე სტად ფრანსეც დაალელოვა

ქართველმა მორაგბე ოთარ გიორგაძემ ტოპ 14-ის ბინადარ ბრივთან კონტრაქტი 2 წლით გააგრძელა და ფრანგულ კლუბში 2022 წლამდე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგაძე ბრიველთა რიგებში გასული სეზონის სტარტზე ჩაირიცხა და მოკლე ხანში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

23 წლის ქართველმა მესამეხაზელმა ბრივის მაისურით 22 მატჩი ჩაატარა და 8 ლელოს დადება მოახერხა.

ოთიასთვის წარმატებულად დაიწყო ახალი სეზონიც. გასულ უქმეებზე ბრივმა ჩელენჯ ქაფის სასტარტო ტურში სტად ფრანსეს 27:11 სძლია და მეტოქის დალელოება ქართველმაც მოახერხა.

გიორგაძესთან კონტრაქტის გაგრძელებას დადებითად გამოეხმაურა ბრივის მთავარი მწრთნელი ჯერემი დევიდსონი.

“ოთარი გასული სეზონის დასაწყისში შემოგვიერთდა და მალევე წამყვან მორაგბეთა სიაში ჩაეწერა. მინდორზე მისი ენერგია ყოველთვის თვალსაჩინო იყო. გიორგაძემ გუნდის ქომაგთა გულების მოგება მოკლე პერიოდში მოახერხა. მოხარულები ვართ, რომ მან ხელშეკრულება კიდევ 2 წლით გააგრძელა”.

მცირე კომენტარი გააკეთა თავად ქართველმა მორაგბემაც.

“ბედნიერი ვარ, რომ მომავალ წლებსაც ბრივში გავატარებ. იმედი მაქვს, მიმდინარე სეზონი ჩვენთვის გამორჩეული იქნება. კლუბში ჩინებული ატმოსფეროა შექმნილი და ქალაქიც ძალიან მომწონს”.

კომენტარები

ბოლო ამბები