Thumbnail

შესარჩევი მორჩა, პლეი ოფები მაინც ვერ დალაგდა - საქართველო წილისყრას ელის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 22 ნოემბერს ნიონში ევრო 2020-ის პლეი ოფის წილისყრაა
  • სად ითამაშებს საქართველო ფინალში გასვლის შემთხვევაში

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი დასრულებულია - ევროპის ჩემპიონატის 24 მონაწილიდან 20 ცნობილია. ესენია:

ბელგია, იტალია, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ესპანეთი, თურქეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ჩეხეთი, ფინეთი, შვედეთი, ხორვატია, ავსტრია, ჰოლანდია, გერმანია, პორტუგალია, შვეიცარია, დანია და უელსი.

შესაბამისად უნდა გარკვეულიყო ბოლო 4 საგზურის მაძებარი გუნდები, რომლებიც 2020 წლის მარტში პლეი ოფში იბრძოლებენ. მათ ეს უფლება ერთა ლიგის თამაშების მიხედვით მოიპოვეს. მათ შორის კი საქართველოს ნაკრებიცაა. უნდა გარკვეულიყო, მაგრამ ასე არაა.

ყველაფერი მხოლოდ 4-დან ორ პლეი ოფის "ჯგუფში" გაირკვა - D ლიგიდან სწორედ ამ გუნდებმა მოიპოვეს პლეი ოფის საგზური, რომლებიც ითამაშებენ: 1/2 ფინალებში საქართველოს ნაკრები ბელარუსს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები კოსოვოს უმასპინძლებენ. A, B & C -ში კი სრული ქაოსია...

მეტი ამ თემაზე

A ლიგიდან ყველა ნაკრებმა ისლანდიის გარდა (11 გუნდი) პირდაპირ მოიპოვა ევრო 2020-ის საგზური. ასე რომ, მათ არაფერში სჭირდებათ პლეი ოფში თამაში. ამ უფლებით მხოლოდ ისლანდია ისარგებლებს.

B ლიგის 12 ნაკრებიდან 8 გუნდმა მოიპოვა ევრო 2020-ის საგზური, 4-მა ვერა. აქ ყველაფერი დალაგდა - სწორედ ეს 4 ნაკრები ითამაშებს პლეი ოფში: ბოსნია ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპიძნლებს, ხოლო მეორე ნახევარფინალში სლოვაკეთი ირლანდიას დაუხვდება. ამ ოთხეულიდან ფინალის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 

C ლიგის გუნდებიდან ევრო 2020-ის საგზური მხოლოდ ფინეთმა მოიპოვა. შოტლანდია, ნორვეგია და სერბეთი პლეი ოფში ითამაშებენ. ამასთან ნორვეგია ნახევარფინალში სერბეთს მასპინძლობს. მაგრამ ვის უმასპინძლებს შოტლანდიის ნაკრები? ან რომელი გუნდები იქნებიან ისლანდიასთან ერთად პლეი ოფის ოთხეულში? 

A & B ლიგებიდან გუნდები აღარ დარჩა - ყველა ან უკვე ევრო 2020-ზეა ან პლეი ოფში. C-დან კი ბრძოლას კიდევ ოთხი ნაკრები გააგრძელებს: ბულგარეთი, უნგრეთი, ისრაელი და რუმინეთი. 

22 ნოემბერს ნიონში წილისყრა გაარკვევს ამ ოთხეულების ფინალები სად გაიმართება. ასევე გაარკვევს ბულგარეთი, უნრეთი, ისრაელი და რუმინეთიდან, რომელი სამი წავა A ლიგიდან შექმნილ პლეი ოფში და რომელი ერთი ნაკრები - C-ში დარჩება და შოტლანდიას ესტუმრება. 

ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ისლანდია ნახევარფინალში ან ისრაელს უმასპინძლებს ან რუმინეთს. 

კომენტარები

ბოლო ამბები