Thumbnail
  • იტალია 9:1 სომხეთი
  • გოლები: 1:0 იმობილე (8), 2:0 ძანიოლო (9), 3:0 ბარელა (29), 4:0 იმობილე (33), 5:0 ძანიოლო (64), 6:0 რომანიოლი (72), 7:0 ჟორჟინიო (75-პენ), 8:0 ორსოლინი (77), 8:1 ბაბაიანი (79), 9:1 კიეზა (81)
  • საფეხბურთო იტალია ეიფორიაშია, მანჩინის გმირად რაცხავენ

იტალიის ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მე-10 მატჩიც მოიგო, შესარჩევი 100-პროცენტიანი შედეგით დაასრულა და ერთდროულად 3 ახალი რეკორდი დაამყარა. 

📌 სომხეთის ნაკრებთან 9:1 იმას ნიშნავს, რომ ‘სკუადრა აძურა’ პირველი გუნდია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ზედიზედ მე-40 მატჩი არ წააგო.

📌 ამასთან, რობერტო მანჩინის გუნდმა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში პირველად შეძლო ევროშესარჩევის ერთ ციკლში ყველა თამაშის მოგება და ევროპის 1968 წლის ჩემპიონებისთვის ზედიზედ 11 მოგებაც პირველია.

📌 9 და მეტი გოლი ერთ შეხვედრაში იტალიელებმა ბოლოს 1928 (!) წლის ოლიმპიურ თამაშებზე გაიტანეს (11:3 ეგვიპტესთან).

📌 ‘აძურის’ ბოლო მარცხი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2006 წლის 2 სექტემბრით თარიღდება (1:3 საფრანგეთთან).

ამ ყველაფრის შედეგად, მთელი საფეხბურთო იტალია უდიდეს ეიფორიაშია. განსაკუთრებით ბედნიერია ‘აძურის’ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი, რომელიც იტალიის ნაკრების პროგრესის მთავარი შემოქმედია.

“ბრწყინვალე საღამო გამოვიდა. შესარჩევის ბოლო მატჩიც კარგად ჩავატარეთ. დღევანდელ სანაკრებო ფეხბურთში ერთ თამაშში 9 გოლის გატანა ადვილი არ არის. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს ისტორიული შედეგი დაგვეფიქსირებინა,” - განაცხადა მანჩინიმ მატჩის შემდეგ და დასძინა: “კარგია, რომ რეკორდები მოვხსენით, მაგრამ რეკორდებს მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა თასსაც მოიგებ. ყველაზე კარგი ის იქნება, რომ ასე გავაგრძელოთ.”

რიკარდო ორსოლინი და ფედერიკო კიეზა

მანჩინიმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზეც ისაუბრა და თავს ევრო 2020-ისკენ გახედვის უფლებაც მისცა: “ახალგაზრდები თავიანთ თამაშს მუდმივად აუმჯობესებენ. მათ იციან, რომ ბევრი შეუძლიათ და გამოცდილებას იძენენ. ვნახოთ, როგორ ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზე. შესარჩევში ათივე თამაში არასდროს მოგვიგია და ახლა გვაქვს 6 თვე იმისათვის, რომ კონტინენტის პირველობისთვის ისე მოვემზადოთ, როგორც საჭიროა. ვწუხვარ, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის განაცხადს მიღმა დატოვება მომიწევს. ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 23 მოთამაშის წაყვანა შემიძლია.”

რობერტო მანჩინი გახდა პირველი მწვრთნელი იტალიის ნაკრების ისტორიაში, რომლის ხელმძღვანელობითაც ‘აძურიმ’ ზედიზედ 11 თამაში მოიგო.

ბონუჩი: ნაკრებში თამაში ასე ძალიან პირველად მსიამოვნებს!

32 წლის ლეონარდო ბონუჩი იტალიის ნაკრების ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა და მან თქვა, რომ “სკუადრა აძურაში” თამაშით ასეთი სიამოვნება აქამდე არასდროს მიუღია: “სიმართლე გითხრათ, ნაკრებში ყოფნა და თამაში ასე ძალიან პირველად მსიამოვნებს. შესაძლოა, ჩვენ ცოტა მეტს ვრისკავთ, მაგრამ ფაქტია, რომ ხარისხიან ფეხბურთს ვთამაშობთ, კომბინაციურ თამაშს ვაჩვენებთ და ბურთს ვფლობთ. ჩემი აზრით, იტალიის ნაკრებში ახალი ეპოქა იწყება. ახლა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრას დაველოდებით.”

ჟორჟინიო და ჩირო იმობილე

“შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, ვერთობით და მაყურებელსაც ვართობთ. იტალიის ეს ნაკრები ცოტა ბრაზილიურად თამაშობს,” - ეს ‘აძურის’ წარმოშობით ბრაზილიელი ნახევარმცველის, ჟორჟინიოს სიტყვებია.

📺 ვიდეო: იტალია 9:1 სომხეთი (მიმოხილვა)

იტალიის ნაკრებმა სომხეთის ნაკრები გაანადგურა

იტალია 🇮🇹 9:1 სომხეთი 🇦🇲 - სკუადრა აძურამ ჯგუფში 10-დან 10 მატჩი მოიგო

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები