Thumbnail
  • იუნაიტედს ახალი სატრანსფერო სტრატეგია აქვს 
  • კლუბი აქცენტს ახალგაზრდა ბრიტანელებზე გააკეთებს
  • ორი მთავარი პრიორიტეტი ჯეიდონ სანჩო და ერლინგ ჰაალანდია

დღევანდელ ბრიტანულ პრესაში მანჩესტერ იუნაიტედის ახალი სატრანსფერო მიზნების შესახებ წერენ. კლუბის განვითარების სტრატეგიის თანახმად, იუნაიტედი შეგუებულია, რომ ამ გუნდით უახლოეს მომავალში ჩემპიონობისთვის ბრძოლა არარეალისტურია და შედეგად აქცენტის გაკეთებას ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აპირებს.

იუნაიტედის მენეჯმენტი გეგმავს, რომ გუნდი პრემიერლიგაში არსებული დიდი კონკურენციის ფონზე, საჩემპიონო რბოლაში ორ სეზონში დაბრუნდება და იქამდე ასაკოვანი, მაგრამ ძვირადღირებული მოთამაშეების შეძენა პრიორიტეტული არ არის.

ბრიტანული პრესის ცნობით, იუნაიტედის მთავარი სამიზნე ორი ახალგაზრდა შემტევია - დორტმუნდის ჯეიდონ სანჩო, რომელიც გერმანული წყაროების მიხედვით, ამ სეზონში ბორუსიაში არცთუ ისე კმაყოფილია და ზალცბურგის ნორვეგიელი ვუნდერკინდი ერლინგ ჰაალანდი. ეს ორივე მოთამაშე სატრანსფერო ექსპერტების აზრით, ერთად დაახლოებით 180 მილიონი ღირს.

მათთან ერთად, იუნაიტედის სიაში ლესტერის ჯეიმს მედისონი (22 წელი), ვესტ ჰემის დიკლენ რაისი (20 წელი), ასტონ ვილას დუეტი: ჯონ მაკგინი (25 წელი) და ჯეკ გრელიში (24 წელი) და გამოცდილი მუსა დემბელეა.

"სკაი სპორტის" ცნობით, იუნაიტედი სულშერს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გაუშვებს და აქცენტს შეგნებულად აკეთებს ბრიტანელ ფეხბურთელებზე, რომელთაც პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვთ.

იუნაიტედის ბოლო ტრანსფერებმა, როდესაც კლუბმა დიდი ფული უცხოელ მოთამაშეებში (პოგბა, მარსიალი, დი მარია, ფალკაო) გადაიხადა, არ გაამართლა და იუნაიტედი მხოლოდ ბრიტანულ ბაზარზე კონცენტრირდება. ასე მოხდა ამ ზაფხულსაც, როდესაც მანჩესტერმა სამი პრემიერლიგური გამოცდილების მქონე ბრიტანელი შეიძინა - ჰარი მაგუაირი, დანიელ ჯეიმსი და ვან ბისაკა.

კომენტარები

ბოლო ამბები