Thumbnail
  • ბრაზილიელმა 17-წლამდელებმა ფინალურ მატჩში მექსიკელ თანატოლებს მოუგეს
  • ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელი გაბრიელ ვერონი დაასახელეს

ბრაზილიაში გამართული 17 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი მასპინძელთა ნაკრებმა მოიგო. ფინალში ბრაზილიელებმა მექსიკელები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. 

თასი მოედანზე ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდებმა, რონალდომ და კაფუმ წარადგინეს 

მასპინძლები 66-ე წუთზე ბრაიან გონსალესის გოლის შემდეგ აგებდნენ, მაგრამ შეხვედრის ბოლო 6 წუთში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს. წონასწორობა კაიო ჟორჟემ თერთმეტმეტრიანით აღადგინა, ხოლო არბიტრის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გამარჯვების გოლი ლაზარომ შეაგდო. 

ეს ტურნირი ბრაზილიის ნაკრებმა, რომელმაც ყველა მატჩში გაიმარჯვა, მეოთხედ მოიგო და გამარჯვებების რაოდენობით მხოლოდ ნიგერიას ჩამორჩება, რომელსაც ამ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატი ხუთჯერ აქვს მოგებული. 

გაბრიელ ვერონი პალმეირასის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მასპინძლების ფორვარდმა გაბრიელ ვერონმა მიიღო, საუკეთესო მეკარედ კი ასევე ბრაზილიელი მატეუს დონელი დაასახელეს, რომელმაც 7 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაუშვა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კი ჰოლანდიელების თავდამსხმელი სიონტე ჰანსენი გახდა, რომელმაც ექვს გოლს სამი შედეგიანი პასიც დაუმატა.

📺 U17, ბრაზილია 2:1 მექსიკა (მატჩის ჰაილაითები)

მესამე ადგილზე ფრანგი ჭაბუკები გავიდნენ. საფრანგეთის ნაკრებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ თანატოლებს ანგარიშით 3:1 სძლია. 

ამ ასაკში მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატი 2021 წელს, პერუში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები