Thumbnail
  • თორნიკე შენგელიამ ესპანურ ლიგაში ისევ გაიბრწყინა
  • ქართველი კალათბურთელი მოედანზე ყველაზე შედეგიანი იყო

ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი სუპერშედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა, ბასკონია შინაურ კედლებში ფუენლაბრადასთან მარცხისგან (80:92) ვერ იხსნა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი – 35:20 წუთი ითამაშა.

ქართველი ლეგიონერის მონაგარი 26 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება გახლდათ.

თორნიკემ 16-დან 8 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 10-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი მძიმე ფორვარდი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 21-ს გაუტოლდა.

ამ მხრივ, მასპინძელთაგან თოკოს მხოლოდ თბილისური ვითას ექს-კალათბურთელმა პიერიან ჰენრიმ (24) აჯობა. მან 15 ქულას 6 მოხსნა და 4 პასი წაამატა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა მოთამაშე მეტ ჯენინგმა ბასკურ კლუბს 6 ქულა შესძინა.

ბასკონია 4 მოგებით და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-11 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 24 ნოემბერს, ისევ შინ, ვალენსიასთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები