Thumbnail
  • ქართველმა მოჭადრაკეებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხის გარეშე დაასრულეს
  • ხოტენაშვილი და ბაციაშვილი საკუთარ დაფებზეც გაჩემპიონდნენ

ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონა მონტენეგროს ქალაქ ულცინში გამართული ქალთა შორის ევროპის რიგით 24-ე საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

თავიდანვე გაგაცნობთ იმ მოჭადრაკეებს, რომლებიც ქართული კლუბის ღირსებას იცავდნენ: ნანა ძაგნიძე (2502), ლელა ჯავახიშვილი (2457), ნინო ბაციაშვილი (2422), ბელა ხოტენაშვილი (2446), სალომე მელია (2380). კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე იყო, მენეჯერი კი – გიორგი ჭანტურია.

ბელა ხოტენაშვილმა და ნინო ბაციაშვილმა პირად დაფებზეც ოქროს მედლები დაისაკუთრეს

ნონამ 7 ტურში 4 გამარჯვება (მათ შორის, ყველა მატჩი ძირითად კონკურენტებთან) იზეიმა, 3 შეხვედრა ფრედ დაასრულა და ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

საბოლოო ჯამში, ნონამ 11 ქულა მოაგროვა, II-III ადგილები კი, 10-10 ქულით უკრაინულმა კიევმა (მარია მუზიჩუკი, ანა მუზიჩუკი, ჟანსაია აბდუმალიკი, იულია ოსმაკი, ინა გაპონენკო) და მონაკოს წარმომადგენელმა მონტე კარლომ (ჰამპი კონერუ, პია კრამლინგი, მონიკა სოცკო, დეიმანტე დაილუტე-კორნეტე, ალმირა სკრიპჩენკო) გაინაწილეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა ორივე პრიზიორს ერთნაირი ანგარიშით – 3:1 სძლია.

სასიხარულოა, რომ ქართველმა მოჭადრაკეებმა პირად ჩათვლაშიც საუკეთესო შედეგები აჩვენეს. პირველ დაფაზე მეორე შედეგი დააფიქსირა ნანა ძაგნიძემ, მეორე დაფაზე – მეოთხე იყო ლელა ჯავახიშვილი, ხოლო მესამე და მეოთხე დაფებზე მოთამაშე ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა საუკეთესო რეიტინგ პერფორმანსი აჩვენეს.

კომენტარები

ბოლო ამბები