Thumbnail
  • შვეიცარია 1:0 საქართველო
  • საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო დაასრულა
  • ვლადიმირ ვაისის გუნდი სენტ გალენში სულ უშანსოდ არ ყოფილა 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში გამოსვლა დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდი სტუმრად სენტ გალენში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

ამ თამაშამდე საქართველოს ნაკრებს კონტინენტის პირველობის ფინალურ სტადიაზე, საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგული ჰქონდა, განსხვავებით მასპინძლებისგან, რომლებსაც ჯგუფის დარჩენილ ორ მატჩში მინიმუმ 4 ქულა სჭირდებოდათ, რათა საგზურისთვის ბრძოლაში დამოკიდებული აღარ ყოფილიყვნენ კონკურენტებზე - ირლანდიასა და დანიაზე. 

თამაშს ორივე გუნდი მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით შეხვდა. საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა "კიბუნ პარკზე" სასტარტო შემადგენლობაში 18 წლის ზურიკო დავითაშვილი გაამწესა. ყაზანის რუბინის ქართველი ნახევარმცველისთვის ეს პირველი ოფიციალური მატჩია ეროვნულ გუნდში.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ  მოედნის ცენტრში ბევრი იბრძოლა

როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიის ნაკრებმა თავიდანვე პირველ ნომრად, მაღალ ტემპში დაიწყო თამაში, საქართველოს ნაკრები კი ძირითადად თავს იცავდა. მასპინძელთა მასირებული იერიშების მიუხედავად, ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მაინც გიორგი ქვილითაიას ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების იშვიათი კონტრეშევის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილმა მარჯვენა ფლანგზე ლევან შენგელიას გაუგრძელა, ამ უკანასკნელის პასის შემდეგ კი, ქვილითაია წაქცეული ცდილობდა ბურთს კარში გადაგზავნას. შვეიცარიელები ძელმა იხსნა.

📺 ქვილითაიას დარტყმა და ძელი 19'

შვეიცარიელთა იერიშები გაგრძელდა. 24-ე წუთზე გიორგი ლორიამ ზედიზედ ორჯერ არ გაატანინა მეტოქეს, 39-ზე კი საქართველოს ნაკრების კარის გადარჩენაზე ოთარ კიტეიშვილმაც იზრუნა, რომელმაც შვეიცარიელთა გათამაშებული კუთხურისა და ნიკო ელვედის სახიფათო თავურის შემდეგ, ბურთი თავით მოიგერია.

📺 კიტეიშვილის სეივი 39'

მიუხედავად შვეიცარიელთა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობისა, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში გაძლო და კარი მშრალად შეინახა. 

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. მასპინძლები ფლობდნენ ბურთს, ვაისის შეგირდები კი კონტრშეტევით ცდილობდნენ მეტოქის შეწუხებას. ერთ-ერთი ასეთი იერიშის დროს, კარგი მომენტი ჰქონდა ლევან შენგელიას, თუმცა საჯარიმოს მისადგომებიდან მისი დარტყმის შემდეგ, ბურთი სულ მცირე მანძილით აცდა იან ზომერის კარს.

📺 ლევან შენგელიას დარტყმა 

შვეიცარიელები ისევ ფლობდნენ ბურთს, თუმცა მათ იერიშებს სიმწვავე ისეთი აღარ ჰქონდა, როგორიც პირველ ტაიმში. ქართველი ფეხბურთელებიც უფრო თამამად გადადიოდნენ მასპინძელთა ნახევარზე და მომენტებსაც ქმნიდნენ. სახიფათო და დასამახსოვრებელი იყო ჯერ ვაკო ყაზაიშვილის, შემდეგ კი ოთარ კიტეიშვილის გასროლა.

📺 ვაკო ყაზაიშვილის დარტყმა 

📺 ოთარ კიტეიშვილის გასროლა 

მაგრამ გატანა მაინც შვეიცარიის ნაკრებმა მოახერხა. ზაკარიას მაღალ ბურთს უმეთვალყურეოდ დარჩენილი, მოედანზე შეცვლაზე რამდენიმე წუთის შესული სედრიკ იტენი გამოეხმაურა, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა - 1:0.

 📺 1:0 იტენი (77')

გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლები დამშვიდდნენ, საქართველოს ნაკრებმა კი, რომელსაც დასაკარგი მაინც არაფერი ჰქონდა, სცადა მდგომარეობის გამოსწორება. გათანაბრების შანსი ყაზაიშვილს ჰქონდა, თუმცა ზომერს ვერ აჯობა. ანგარიში აღარ შეცვლილა.

ოთარ კიტეიშვილი შვეიცარიელთა გარემოცვაში

საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში გამოსვლა 8 ქულით, მეოთხე ადგილზე დაასრულა და მხოლოდ გიბრალტარს აჯობა. ვლადიმი ვაისის გუნდმა შესარჩევის 8 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4 დათმო. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდს კი, რომელმაც 15 ქულით პრაქტიკულად გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა, წინ ევროშესარჩევის ბოლო შეხვედრა აქვს - 18 ნოემბერს, სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება. 

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო, ამხანაგურ მატჩს 19 ნოემბერს, სტუმრად ხორვატიასთან ჩაატარებს, ევრო 2020-ის საგზურის მოპოვებას კი უეფას ერთა ლიგის პლეი ოფიდან შეეცდება, რომელიც მომავალი წლის მარტში ჩატარდება. 

შვეიცარია 1:0 საქართველო

გოლი: 1:0 იტენი (77')

შვეიცარია (3-5-2): ზომერი - ელვედი, აკანჯი, როდრიგესი - ლიხტშტაინერი, ზაკარია, ფერნანდესი (84' სოუ), ჯაკა, შტეფენი - აიეტი (71' იტენი), ვარგასი (78' ფანსახტი).

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, გრიგალავა - კანკავა, კიტეიშვილი (84' პაპუნაშვილი)- შენგელია, ყაზაიშვილი, დავითაშვილი (85' გვილია) - ქვილითაია (82' ლობჯანიძე).

კომენტარები

ბოლო ამბები