Thumbnail

კინი სტერლინგი-გომესის კონფლიქტზე: მე და შმეიხელსაც მაგრად გვიჩხუბია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რაჰიმ სტერლინგმა და ჯო გომესმა სანაკრებო შეკრებაზეც იჩხუბეს
  • როი კინმა მანჩესტერში პიტერ შმეიხელთან დაპირისპირება გაიხსენა 

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი, ირლანდიელი როი კინი ინგლისის ნაკრების წევრების – რაჰიმ სტერლინგის და ჯო გომესის კონფლიქტს გამოეხმაურა და სიტუაციას ზედმეტად გამძაფრებული უწოდა.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტისა და ლივერპულის ფეხბურთელები ერთმანეთს პრემიერლიგის მატჩში წაეკიდნენ, მათი დაპირისპირება კი ინგლისის ეროვნული გუნდის შეკრებაზე გაგრძელდა.

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ სტერლინგი ნაკრების შეკრებიდან დაითხოვეს და მან მონტენეგროსთან შესარჩევი მატჩი გამოტოვა.

გომესი-სტერლინგის კონფლიქტი პრემიერლიგის მატჩიდან დაიწყო

აი, რა თქვა კინმა, რომელიც კარიერის განმავლობაში რბილი ხასიათით არასდროს გამოირჩეოდა.

“პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ ამბავი გაბუქებულად მეჩვენება. ფეხბურთელებსაც ზედმეტად ვაკრიტიკებთ, თუმცა კი, ცხადია, სტერლინგის ქცევას, როდესაც ის ნაკრებში თანაგუნდელს ხელით შეეხო, არ ვამართლებ.

მაგალითად, მე პიტერ შმეიხელთან მაგრად მიჩხუბია. ეს, სასტუმროს ფოიეში მოხდა. დილის ოთხი საათი იყო და ირგვლივ ბევრი ხალხი ნამდვილად არ ყოფილა... საბოლოოდ, მწვრთნელმა გაგვაშველა და გვითხრა, რომ ორივენი მაგრად შევრცხვით.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პიტერმა მომიბოდიშა და აღნიშნულის შესახებ მალევე დავივიწყეთ. ის ეპიზოდი ჩვენს შემდგომ ურთიერთობებზე არანაირად არ ასახულა.

საერთოდაც, არ მესმის იმ ხალხის, რომლებიც ფეხბურთელებს კონფლიქტის შემდეგ, თანაგუნდელებისთვის პატიების თხოვნისკენ მოუწოდებენ. ბიჭებს უთანხმოება ხშირად მოსდით და ამაში საოცარი არაფერია. რიგ შემთხვევებში, ორთქლის გამოშვება საჭიროა”.

საინტერესოა, რომ მონტენეგროსთან მატჩისას შეცვლაზე შესულ გომესს უემბლიზე შეკრებილი ქომაგების უმეტესობამ უსტვინა, რაზეც პროტესტი რაჰიმ სტერლინგმაც გამოთქვა და ლივერპულის ფეხბურთელის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

კომენტარები

ბოლო ამბები