Thumbnail

'რეალი დაიჩაგრა' - სერხიო რამოსს ელ კლასიკოს გამართვის თარიღი არ მოსწონს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სეზონის პირველი ელ კლასიკო 18 დეკემბერს, ნოუ კამპზე ჩატარდება 
  • ბარსა და რეალი გადატანილ მატჩს არათანაბარ მდგომარებაში ხვდებიან
  • მადრიდელთა 33 წლის კაპიტანი ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს 

მადრიდის რეალის 33 წლის მცველი სერხიო რამოსი მიიჩნევს, რომ მომავალ ელ კლასიკოს მისი გუნდი და ბარსელონა არათანაბარ მდგომარეობაში ხვდებიან. 

ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის გადადებული მატჩი "კამპ ნოუზე" 18 დეკემბერს უნდა ჩატარდეს. მანამდე კატალონიური გრანდი ლა ლიგის მე-17 ტურის შეხვედრას 14 დეკემბერს, რეალ სოსიედადთან ჩაატარებს, მადრიდის რეალი კი მომდევნო დღეს ვალენსიას ეთამაშება. შესაბამისად, გამოდის, რომ ელ კლასიკოსთვის დასვენებისა და მომზადებისთვის მადრიდელებს ერთით ნაკლები დღე ექნებათ, ვიდრე მათ მეტოქეს.

"ბოლო-ბოლო ისე გამოვიდა, რომ ისევ რეალი აღმოჩნდა წამგებიან მდგომარეობაში. ჩვენ იმავე დღეს უნდა ვთამაშობდეთ, როდესაც ბარსელონა ითამაშებს და დასვენებისთვისაც ერთნაირი დრო უნდა გვქონდეს. ამის მიუხედავად, მაინც მზად ვიქნებით და მოედანზე გასამარჯვებლად გავალთ", - ამბობს რეალის კაპიტანი.

ნოუ კამპზე 18 დეკემბერს ანშლაგი აუცილებლად იქნება

ბარსელონა-რეალის შეხვედრა 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ მისი გადადება საჭირო კატალონიაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო გახდა. ცოტა ხნის წინ ლა ლიგის ხელმძღვანელობამ თამაშის გამართვის დღედ 18 დეკემბერი გამოაცხადა. 

ლა ლიგაში გასული 12 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის პირველ-მეორე ადგილებს, 25-25 ქულით, სწორედ ბარსელონა და მადრიდის რეალი იყოფენ.  

კომენტარები

ბოლო ამბები