Thumbnail

'მადლობა ყველას! იმედია, ეს გაამართლებს' - როდის დაბრუნდება ნიკა საბანაძე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნიკა საბანაძე სარეაბილიტაციო პერიოდს იწყებს, რომელიც მაქსიმუმ 2 თვეს გასტანს
  • დინამო ბათუმის ექიმი popsport-ს ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ ესაუბრა 

ეროვნულ ლიგაში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზაა, რასაც ჩემპიონატის დასკვნითი ორი ტურის მატჩები მოჰყვება. სწორედ ამ მატჩებში გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი. პირველობისთვის იბრძვის დინამო ბათუმი, რომელსაც 67 ქულა აქვს და 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ დინამო თბილისს. 

მიმდინარე სეზონის მეორე წრეში ძალიან დააკლდა გუნდს ნიკოლოზ საბანაძე, რომელიც ხერხემლის თიაქრის გამო დიდი ხანია, გუნდს ვერ ეხმარება. ბოლო დღეებში, საბანაძე თურქეთში იყო, სადაც ხერხემალზე გარკვეული პროცედურები გაიარა. ამ საკითხზე თავად ნიკას და დინამო ბათუმის ექიმს, ზურაბ ხარხელაურს დავუკავშირდით.

ნიკა საბანაძე: იყო რისკი, რომ ფეხბურთი ვეღარ მეთამაშა

თურქეთში ხერხემალზე მანიპულაცია ჩამიტარდა, რასაც მცირე ოპერაციას უწოდებენ. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, დიდი იყო რისკი, რომ ფეხბურთი საერთოდ ვეღარ მეთამაშა, ასე კი წესით მალე უნდა დავუბრუნდე მოედანს. ბევრი რამ ჩემზეა დამოკიდებული, რეჟიმი უნდა დავიცვა და თუ ყველაფერი კარგად წავიდა, თვენახევარში ვარჯიშსაც დავიწყებ. 70%-ია იმის შანსი, რომ ამ გზამ გაამართლოს და მალე დავუბრუნდე მოედანს.

popsport: ჩანს, რომ ამ რთულ პერიოდში კლუბიც და გულშემატკივრებიც გვერდში დაგიდგნენ...

საბანაძე: მინდა მადლობა გადავუხადო დინამო ბათუმს, კლუბის პრეზიდენტს, მენეჯმენტს, მწვრთნელს, ექიმებს, ფეხბურთელებს და ბათუმელ გულშემატკივრებს, რომლებმაც ერთი წუთი არ მაგრძნობინეს უყურადღებობა. ვიცოდი რომ ბათუმში უყვარდათ ფეხბურთი, მაგრამ ასეთ დაფასებას არ მოველოდი. დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის.

საბანა ძალიან გვაკლია! ✊

საბანა ძალიან გვაკლია! ✊ 🏥 ნიკოლოზ საბანაძეს ხერხემლის მალთაშუა თიაქარი აწუხებს, მკურნალობის კურსს გადის, თუმცა მოედანზე მისი დაბრუნების თარიღი ჯერ უცნობია...

Posted by FC Dinamo Batumi on ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2019

popsport: დინამო ბათუმი ჩემპიონობისთვის იბრძვის და ალბათ, რთულია ამის გვერდიდან ყურება...

საბანაძე: ძალიან რთულია, როდესაც ასეთ გადამწყვეტ მომენტში ვერ ეხმარები გუნდს და თანაგუნდელებს. ვერ გავუმკლავდი ამ ტრავმას და ვერ დავუდექი მათ გვერდში. დასანანია, რომ მოსაგები მატჩები ვერ მოვიგეთ და შესაბამისად, ლიდერობა დავკარგეთ. თუმცა, წინ კიდევ ორი ტურია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.

დინამო ბათუმის ექიმი: წარმატების ალბათობა 70 პროცენტია

ზურაბ ხარხელაური (დინამო ბათუმის ექიმი): ნიკა საბანაძეს ხერხემალზე თიაქარი აქვს და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ქირურგიული ჩარევისგან თავი შეგვეკავებინა. კონსერვატიულმა მეთოდმა არ გაამართლა და სხვა გზა ავირჩიეთ. ნიკა თურქეთში იყო ძალიან ცნობილ სპეციალისტ სულეიმან ოზიაჩთან. ისევ იდგა ოპერაციის საკითხი, მაგრამ ეს რისკებთან იყო დაკავშირებული და სხვა მეთოდზე გაკეთდა აქცენტი. ნიკას ხერხემალზე მანიპულაცია ჩაუტარდა და უახლოესი ერთი კვირა წოლითი რეჟიმი მოუწევს. შემდეგ, სარეაბილიტაციო პერიოდი დაიწყება და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, დაახლოებოთ ორ თვეში დაუბრუნდება მოედანს. წარმატების ალბათობა 70%-ია.

popsport: ასევე ტრავმირებულები იყვნენ ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი ილურიძე და გურამ ადამაძე. რა მდგომარეობაა მათთან დაკავშირებით?

ხარხელაური: მამუჩაშვილს მხარი აქვს დაზიანებული. ტრავმა მძიმე არ არის, თუმცა დღეს გამიჭირდება ზუსტი თარიღის თქმა, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს. რაც შეეხება ილურიძეს, ადამაძეს და გეგეჭკორს, გამოჯანმრთელდნენ და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობენ.

რომელი ფეხბურთელი არ არის ფოტოზე? 📸

📸 ვლადიმერ მამუჩაშვილი ცდილობს გამოიცნოს ვინ არ არის ფოტოზე... 👉 popsport-ის ქვიზები: bit.ly/POPFUN_PS 🚑 მამუჩას ტრავმის შესახებ: მას სახსარი აქვს დაზიანებული და ვარჯიშს დაახლოებით ერთ თვეში განაახლებს.

Posted by FC Dinamo Batumi on სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები