Thumbnail
  • ახლადდაარსებულ ტურნირზე 24-ვე მონაწილის ვინაობა დადგინდა
  • საქართველოს ნაკრები პერთში 28 დეკემბერს გაემგზავრება

გაირკვა იმ 24-ვე ნაკრების ვინაობა, რომელიც იანვარში ახლადდაარსებულ ATP CUP-ზე ითამაშებს. შედეგად, კიდევ ერთი მეტოქის ვინაობა შეიტყო საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა გუნდმა, რომელიც პრესტიჟული ტურნირის მონაწილეთა შორის იქნება.

შეგახსენებთ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიერ შექმნილი ახალი შეჯიბრის წილისყრა ჯერ კიდევ სექტემბერში შედგა. მაშინ, ქართველ ჩოგბურთელები B ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად ესპანეთი და იაპონია ერგოთ.

2 თვის წინ 19 ნაკრების ვინაობა უკვე გარკვეული იყო, თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მიიღებდა ლეგენდარული როჯერ ფედერერი.

შედეგად, შვეიცარია ტურნირს მიღმა აღმოჩნდა, მისი ადგილი სარეზერვო სიაში მყოფთაგან საუკეთესო ბულგარეთმა დაიკავა და მას კიდევ 5 ნაკრები მოჰყვა.

გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრებს მე-3 მეტოქედ ურუგვაი ეყოლება, სხვა იღბლიანები კი ჩილე, მოლდოვა, ნორვეგია და პოლონეთი აღმოჩნდნენ.

მოკლედ, ტურნირის ფორმატსაც შეგახსენებთ. ახალ საჩოგბურთო ტურნირს 2020 წლის იანვარში ავსტრალიის სამი ქალაქი (ბრისბენი, პერთი, სიდნეი) უმასპინძლებს. შეჯიბრში მონაწილეობას მსოფლიო ერთეულთა რეიტინგის პირველი 24 ჩოგბურთელი და მათი ქვეყნების გუნდები იღებენ.

წილისყრის შედეგად, 24 ნაკრები ექვს 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდა. თითო ქალაქში 2 ჯგუფის თამაშები გაიმართება. ფინალს კი, სადაც 8 ნაკრები გადის – 6 ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი – სიდნეი უმასპინძლებს.

რეგლამენტი ასეთია – მატჩი შედგება 3 შეხვედრისგან, 2 ერთეულთა და 1 წყვილთა თანრიგში. საერთო ჯამში, ATP CUP-ის თასზე დაუმარცხებელმა ჩოგბურთელმა შეიძლება 750 ქულა დააგროვოს. ამასთან, მონაწილეები 22 მილიონ ავსტრალიურ დოლარსაც გაინაწილებენ.

ცხადია, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნება, რომელმაც მცირე ხნის წინ იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა, თუმცა, იგეგმება, რომ იანვრამდე რეაბილიტაციას მოასწრებს.

გუნდის მეორე ნომერი ალექსანდრე მეტრეველია, შემდეგ კი, გიორგი ცივაძე, ალექსანდრე ბაკში და ზურა ტყემალაძე მოდიან. კაპიტანი დავით კვერნაძე იქნება.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები მატჩებს პერთში ჩაატარებს. ბასილაშვილს და მეტრეველს სასტარტო შეხვედრა 4 იანვარს ესპანეთთან ელით, რომელსაც განაცხადში რაფაელ ნადალი და რობერტო ბაუტისტა აგუტი ჰყავს.

6-ში იაპონიასთან შერკინებაა დაგეგმილი და ჩვენებურებს თამაში კეი ნიშიკორისთან და იოშიჰიტო ნიშიოკასთან მოუწევთ, 8 სექტემბერს კი ურუგვაისთან შერკინება შედგება, რომლის ღირსებასაც პაბლო და მარტინ კუევასები დაიცავენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ქალაქ პერთში 28 დეკემბერს გაემგზავრება.

ATP CUP-ის წილისყრის პროცედურა

A ჯგუფი: სერბეთი (ნოვაკ ჯოკოვიჩი, დუშან ლაიოვიჩი), საფრანგეთი (გაელ მონფილსი, ლუკა პუიე), სამხრეთ აფრიკა (კევინ ანდერსონი, ლოიდ ჰარისი), ჩილე (კრისტიან გარინი, ნიკოლას ხარი).

B ჯგუფი: ესპანეთი (რაფაელ ნადალი, რობერტო ბაუტისტა-აგუტი), იაპონია (კეი ნიშიკორი, იოშიტო ნიშიოკა), საქართველო (ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი), ურუგვაი (პაბლო კუევასი, მარტინ კუევასი).

C ჯგუფი: ბულგარეთი (გრიგორ დიმიტროვი, დიმიტარ კუზმანოვი), ბელგია (დავიდ გოფინი, სტივ დარსისი), დიდი ბრიტანეთი (ენდი მარეი, დანიელ ევანსი), მოლდოვა (რადუ ალბოტი, ალექსანდრ კოზბინოვი).

D ჯგუფი: რუსეთი (დანიილ მედვედევი, კარენ ხაჩანოვი), იტალია (მატეო ბერეტინი, ფაბიო ფონინი), აშშ (ჯონ ისნერი, ტეილორ ფრიცი), ნორვეგია (კასპერ რუუდი, ვიკტორ დურასოვიჩი).

E ჯგუფი: ავსტრია (დომინიკ ტიმი, დენის ნოვაკი), ხორვატია (ბორნა ჩორიჩი, მარინ ჩილიჩი), არგენტინა (დიეგო შვარცმანი, გვიდო პელა), პოლონეთი (ჰუბერტ ჰურკაჩი, კამილ მაირჩაკი).

F ჯგუფი: გერმანია (ალექსანდერ ზვერევი, იან-ლენარდ შტრუფი), საბერძნეთი (სტეფანოს ციციპასი, მიხაილ პერვოლარაკისი), კანადა (დენის შაპოვალოვი, ფელიქს ოჟიე-ალიასიმი), ავსტრალია (ალექს დე მინორი, ნიკ კირიოსი).

კომენტარები

ბოლო ამბები