Thumbnail

NBA-ს დღის მთავარი მატჩი ჰიუსტონში გაიმართა, სადაც ჯეიმს ჰარდენისა და რასელ ვესტბრუკის როკეტსმა სეზონის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ ლოს ანჯელეს კლიპერსს უმასპინძლა და 102:93 დაამარცხა. ჰიუსტონის ქულების თითქმის ნახევარი ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზეა - მან 47 ქულა დააგროვა და, გარდა ამისა, 6 მოხსნა და 7 პასიც ჰქონდა.

კლიპერსმა თამაში ცუდად დაიწყო და პირველი მეოთხედის შემდეგ უკვე 15:31-ს აგებდა. თუმცა მეორე და მესამე პერიოდებში ლოს ანჯელესელებმა თამაში გამოასწორეს და საქმე იქამდე მივიდა, რომ მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 84:80-ს იგებდნენ. ჰიუსტონმა თამაშის ბედი ბოლო ორ წუთში გადაწყვიტა: როდესაც როკეტსი 90:88-ს იგებდა, ჰარდენმა ჯერ ორი საჯარიმო ჩააგდო, მერე დაცვაში მოხსნა გააკეთა და სამქულიანიც ჩააგდო. პატრიკ ბევერლისა და კლიპერსის მწვრთნელ დოკ რივერსის ტექნიკური ფოლების შემდეგ, მან სამი საჯარიმოს სროლის უფლება მიიღო და სამივე ჩააგდო.

რივერსის შვილი ოსტინი, რომელიც ჰიუსტონში თამაშობს, მამის გაძევებისას იცინოდა და მსაჯებს მისი დაპატიმრებისკენ მოუწოდებდა. უფროსი რივერსი კი არბიტრებს დიდხანს უყვიროდა.

ჰარდენთან ერთად, შესანიშნავი შედეგი ჰქონდა როკეტსის ცენტრ კლინტ კაპელას - მან 12 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა. შვეიცარიელმა ზედიზედ მესამედ გააკეთა მინიმუმ 20 მოხსნა! ჰიუსტონში ბოლოს ასეთი რამ მოზეს მელოუნმა შეძლო 1982 წელს. რაც შეეხება რასელ ვესტბრუკს - მის ანგარიშზე 17 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასია. კლიპერსიდან საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ - 26 ქულით, 12 მოხსნით და 7 პასით.

📺 ვიდეო: ჰიუსტონი 102:93 კლიპერსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები