Thumbnail

უცნობი ამბავი - როგორ სთავაზობდა ქილერი ასპრილიას ჩილავერტის მოკვლას

  • კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა უცნაური ამბავი გაიხსენა
  • კოლუმბია-პარაგვაის მატჩის შემდეგ მას მეტოქე მეკარის მოკვლა შესთავეს

გასული საუკუნის 90-იან წლებში კოლუმბიის ნაკრების ვარსკვლავმა ფაუსტინო ასპრილიამ პარაგვაის ნაკრების ასევე ლეგენდარული მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი ქილერის ხელიდან სიკვდილს გადაარჩინა. ამბავი, რომელიც 1997 წელს გამართულ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს უკავშირდება, ასპრილიამ ახლახან გაიხსენა.

კოლუმბიისა და პარაგვაის შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მოედანზე ფეხბურთელებს გაწევ-გამოწევა არაერთხელ ჰქონდათ. ერთ ეპიზოდში კონფლიქტი ასპრილიასა და ჩილავერტსაც მოუვიდათ, შედეგად კი არბიტრმა ორივე გააძევა. საბოლოოდ მატჩი პარაგვაის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, რამაც კოლუმბიელი ფანატები ძალიან გაანაწყენა.

1997 წელს ხოსე ლუის ჩილავერტის სიცოცხლეს საფრთხე რეალურად ემუქრებოდა

როგორც ასპრილია ტელეარხ Telepacifico-ს ეთერით გასულ დოკუმენტურ ფილმში "დიადი ფაუსტინო" ყვება, თამაშის შემდეგ მას ჩილავერტისთვის "ჭკუის სწავლება", ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის გარემოცვის წევრმა, ხულიო ფიერომ შესთავაზა:

"თამაშის შემდეგ მან შემომთავაზა: "მოგვეცი უფლება და ჩვენ გავუსწორდებით ამ მსუქანა ჩილავერტს". ამაზე ვუპასუხე: "რას ამბობთ, შეიშალეთ? ეს ფეხბურთია და ის, რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე უნდა დარჩეს".
 
ცნობისთვის, კოლუმბიელი გულშემატკივრებისთვის ფეხბურთელზე ფიზიკური ანგარიშსწორება უცხო არ არის - ქვეყნის ეროვნული ნაკრების მცველი ანდრეს ესკობარი, რომელიც 1994 წლის მუნდიალის დროს, აშშ-ისთან მატჩში (1:2) ავტოგოლით გამოირჩა, რამდენიმე დღის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული დაცხრილეს. მკვლელი უმბერტო მუნიოსი თითოეული გასროლის დროს გაჰყვიროდა - "გოლ!".

ფაუსტინო ასპრილიამ, რომელიც ევროპაში პარმასა და არსენალის ღირსებას იცავდა, კოლუმბიის ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 57 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები