Thumbnail

სასჯელი ტვიტერში ხუმრობისთვის - ბერნარდო სილვას მენდის დაცინვა არ აპატიეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა თანაგუნდელ ბენჟამენ მენდის ტვიტერზე დასცინა
  • FA-მ პორტუგალიელ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დააკისრა 

მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი ბერნარდო სილვა სოციალურ ქსელში ხუმრობისთვის დაისაჯა. 25 წლის პორტუგალიელმა თანაგუნდელ ბენჟამენ მენდის ტვიტერზე დასცინა, რისთვისაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) მოგვიანებით მას ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 50 ათასი ფუნტის (58 ათასი ევრო) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. 

პორტგუგალიელმა თავის ტვიტერზე მემი 22 სექტემბერს გამოაქვეყნა. სურათის მარცხენა ნაწილში სიტის ფერადკანიანი მცველის, ბენჟამენ მენდის ბავშვობის ფოტო იყო გამოსახული, მარჯვენა მხარეს კი ესპანური საკონდიტრო კომპანია Conguitos-ის ლოგოტიპი, რომელიც შოკოლადის კაცუნას წარმოადგენს.

სილვას მემს ჰქონდა წარწერა: "გამოიცანი, ვინ არის".

თავად ფრანგმა ხუმრობა იუმორით მიიღო, თუმცა ტვიტერის მომხმარებლებმა პორტუგალიელი გააკრიტიკეს და მას რასიზმში დასდეს ბრალი.

მოგვიანებით სილვამ FA-ში საბოდიშო წერილი გაგზავნა, თავად პორტუგალიელს კი სიტის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლაც გამოექომაგა, მაგრამ ოქტომბერში ასოციაციამ ბერნარდოს ბრალი მენდისთან მიმართებაში "უღირს საქციელში" მაინც დასდო და ის შეაფასა, როგორც შეურაცხმყოფელი და არაკორექტული.

საბოლოოდ, დისკვალიფიკაციასა და ჯარიმასთან ერთად, ასოციაციამ ბერნარდო სილვას სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის გავლაც დაეკისრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია გაუხანგრძლივდება. 

მიმდინარე სეზონში ბერნარდო სილვამ მანჩესტერ სიტის ღირსება ყველა ტურნირის 17 მატჩში დაიცვა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 შედეგიანი პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები