Thumbnail

ქართველი მსაჯები ჩელენჯ ქაფსა და რაგბი ევროპაზე

  • ამაშუკელი, თევზაძე და აბულაშვილი ინგლისურ-ფრანგულ მატჩებს განსჯიან
  • ქართველი არბიტრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დანიშვნასაც ელიან

ქართველი მსაჯებისგან დაკომპლექტებული ბრიგადა პარასკევს გამთენიისას გეზს ინგლისისკენ აიღებს და 16 ნოემბერს ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში – ლესთერ თაიგერსისა და პოს შეხვედრას, ერთი კვირის შემდეგ კი, უოსპსისა და აჟენის მატჩს განსჯის.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, ფრანგულ-ინგლისურ დაპირისპირებებში მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება, რომელსაც კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი დაეხმარებიან.

ქართველ მსაჯთა ბრიგადა პოლონეთი-გერმანიის მატჩზე
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ცნობისთვის, 2 ნოემბერს, თევზაძემ რაგბი ევროპის ალაფაზე პოლონეთი-გერმანია (15:35) იმსაჯა. მას კიდეებიდან აბულაშვილი და შოთა ცაგარეიშვილი ეხმარებოდნენ. ქართველმა რეფერიმ უმაღლესი შეფასება მიიღო და ახლა, დანიშვნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ელოდება:

“რაგბი ევროპის მსაჯთა კორპუსს ახალი ხელმძღვანელი ყავს – პატრიკ რობენი ჟოელ დუმემ შეცვალა. პოლონეთი-გერმანიის მატჩზე დანიშვნისას მან გვითხრა: “ვიცი, ეს თამაში თქვენი მსაჯობის დონეს არ შეესაბამება, მაგრამ ამ პერიოდში სხვა მატჩი არ გვაქვს და მსურს, თქვენი მუშაობა პირადად ვიხილოო“.

ჩვენ ბოლო დროს უმაღლეს დონეზე მუშაობას მივეჩვიეთ და ამ თამაშსაც თავი კარგად გავართვით. უმაღლესი შეფასება მივიღეთ და გაჩნდა წინაპირობა, რომ იანვარში რაგბი ევროპის ჩემპიონატზეც დამნიშნონ“.

მანამდე, შოთა ნიკა ამაშუკელთან ერთად გაცვლითი პროგრამით უელსში იმყოფებოდა. მათ იქაური უმაღლესი ლიგის თითო-თითო შეხვედრა იმსაჯეს. თევზაძე ამბობს, რომ მსგავსი გაცვლითი პროგრამები განვითარებისთვის მნიშვნელოვანია:

“ჩვენსა და უელსის რაგბის კავშირს შორის კარგი ურთიერთობა დამყარდა. მე და ნიკა უელსში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიყავით. მსგავსი პროგრამები მნიშვნელოვანია. ყველა ქვეყნის ჩემპიონატს თავისი სპეციფიკა აქვს და რაც უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენ, მით უფრო მაღალ დონეზე ახვალ“.

შოთა თევზაძე ჩელენჯ ქაფზე პირველად იმსაჯებს
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

საკლუბო დონეზე, ქართველმა მსაჯებმა უკვე აიწიეს ერთი საფეხურით მაღლა, რაზეც ჩელენჯ ქაფის მატჩების მსაჯობა მეტყველებს. თევზაძეს ამ დონის საკლუბო ტურნირზე აქამდე არასდროს უმუშავია:

“შარშან კონტინენტის ფარს ვმსაჯობდი, ამჯერად კი უფრო მაღალ დონეზე მომიწევს მუშაობა. ქართული ბრიგადა ამ დონის შეხვედრაზე პირველად იქნება. ვფიქრობ, რთული მატჩები იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, თავს კარგად გავართმევთ.

განსაკუთრებით საინტერესო იქნება უოსპსისა და აჟენის დაპირისპირება. ორივე გუნდს ქართველი ბურჯი ყავს, ყველამ კარგად იცის ისინი რა დონეზე არიან და დიდ ჯახის მოლოდინში ვართ.

ასევე ველი, რომ თუ ამავე სეზონში არა, მომდევნო სეზონში აუცილებლად, ჩელენჯ ქაფზე ცენტრში დანიშვნას მეც მივიღებ და ჩვენს ქვეყანას უმაღლეს საერთაშორისო დონეზე უფრო მეტი ქართველი მსაჯი წარვადგენთ“.

კომენტარები

ბოლო ამბები