Thumbnail

‘რას წარმოვიდგენდი ყურზე თუ მიკბენდა?’ - სისხლიანი ბრძოლის გახსენება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ევანდერ ჰოლიფილდმა და მაიკ ტაისონმა ცნობილი შერკინება 1997 წელს გამართეს
  • მაშინ ტაისონს წაგება ჩაუთვალეს და 3 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

ლეგენდარული მოკრივეები ევანდერ ჰოლიფილდი და მაიკ ტაისონი ერთ მაგიდას მიუსხდნენ და მსოფლიო კრივის ისტორიაში ცნობილი ინციდენტი გაიხსენეს.

გადაცემაში Hotboxin With Mike Tyson მთავარი სასაუბრო თემა 1997 წელს მომხდარი ამბავი იყო, როდესაც მძიმეწონოსანთა საჩემპიონო ჯახში მაიკმა თავისი გაუწონასწორებელი ხასიათი გამოავლინა, ევანდერს ყურის ნაწილი მოაკბიჩა და სისხლიც ბლომად ადინა. მაშინ ტაისონს დისკვალიფიკაცია მისცეს და გამარჯვებულად ჰოლიფილდი გამოცხადდა.

ცხადია, ამჯერად, შეხვედრა მეგობრულ ვითარებაში წარიმართა და ევანდერმა ისიც აღნიშნა, რომ მაიკს არასპორტული საქციელი დიდი ხანია აპატია. მას შემდეგ 22 წელი გავიდა და ერთ დროს მტრებად წაკიდებული მოკრივეები საზოგადოებაში ერთად ხშირად გამოჩენილან.

“ხალხი დღემდე მეკითხება, კი, მაგრამ, ასეთი რაღაცის პატიება როგორ შეიძლება? მინდა გითხრათ, რომ რაღაც მომენტში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მითუმეტეს, რომ მსგავსი მეც გამიკეთებია.

დიახ, იყო ასეთი ამბავიც. უბრალოდ, იმ შეხვედრის ტრანსლირება არ ხდებოდა... ერთ-ერთ ბიჭს მხარზე ვუკბინე და მასაც ძალიან მწარე რეაქცია ჰქონდა. როდესაც ტვინის შერყევის ნიშნები გაქვს, თავის გაკონტროლება ძნელია”.

ჰოლიფილდს არ დაუკონკრეტებია აღნიშნული ამბავი რომელ ორთაბრძოლაში შეემთხვა, თუმცა, დასძინა, რომ მეტოქეს ის არ დავიწყნია.

“ის ბიჭი მალევე შემხვდა და მკითხა, გახსოვს, როგორ მიკბინე? “ცხადია, მახსოვს! ჩემი შებოჭვა რომ არ გეცადა, ეს არც მოხდებოდა” – ასეთი იყო ჩემი პასუხი.

ჰოლიფილდთან ინციდენტი ირონიით გაიხსენა ტაისონმაც, რომელიც მაშინ 3 მილიონი დოლარითაც დააჯარიმეს. “ის თანხა ძალიან მალე დავიბრუნე იმ ქომაგების წყალობით, რომლებიც სამახსოვრო ფოტოებში, სადაც მათ ყურზე ვკბენდი, ნებისმიერ თანხას იხდიდნენ”.

საინტერესოა, რომ ევანდერმა გასულ თვეს ინტერვიუ UFC-ს კომენტატორ ჯო როგანსაც მისცა, სადაც აღნიშნა, რომ იმ სკანდალური შერკინებისას თავი ძლივს შეიკავა.

“მართალი გითხრათ, მაშინ, ინსტიქტი სულ სხვას მეუბნებოდა. როდესაც მაიკმა მწარედ მიკბინა, მინდოდა, ბრძოლის განახლებისთანავე მისთვის იგივეთი მეპასუხა. არც კი ვიცი, ემოციის შეკავება და თავის გაკონტროლება როგორ მოვახერხე”.

წლების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ევანდერს ტაისონის მხრიდან შესაძლო არასპორტული საქციელის შესახებ ჯერ კიდევ ბრძოლამდე აფრთხილებდნენ, თუმცა, ჰოლიფილდი ეპიზოდს მაინც მოუმზადებელი შეხვდა.

“ბრძოლამდე მეუბნებოდნენ, რომ მაიკი რაღაცას გეგმავდა და სახეს უნდა გავფრთხილებულიყავი. ვფიქრობდი, რომ შესაძლოა მას იდაყვი ეხმარა ანაც სახეში თავი ჩაერტყა, თუმცა, ყურზე თუ მიკბენდა, რაც წარმოვიდგენდი?”.

📺 მაიკ ტაისონის და ევანდერ ჰოლიფილდის სკანდალური ორთაბრძოლა

კომენტარები

ბოლო ამბები