Thumbnail
  • საქართველოსთან მატჩის წინ შვეიცარიას საკადრო პრობლემები აქვს
  • დებიუტანტი იტენი, შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში იყოს
  • ვლადიმირ პეტკოვიჩი მომავალ მატჩს სიფრთხილით ეკიდება

კვირას, ბერნში შვეიცარიის ჩემპიონატის ტოპ-მატჩი შედგა: მოქმედი ჩემპიონი მესამე ადგილზე მყოფ სენტ გალენს დაუპირისპირდა და უხვგოლიანი თამაში 4:3 მოიგო. მატჩს შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩიც ესწრებოდა.

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის დამრიგებელი განსაკუთრებით კმაყოფილი ერთი მოთამაშით დარჩა. ეს გახლავთ სედრიკ იტენი - სენტ გალენის 22 წლის შემტევი, რომელმაც მე-13 მატჩში მე-6 გოლის გატანა შეძლო. წინა დღეს, პეტკოვიჩმა იტენი ნაკრებში გამოიძახა - ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი ეროვნულ გუნდში, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებთან შედგება. იტენის გამოძახება პეტკოვიჩმა მას მერე გადაწყვიტა, რაც ნორვიჩ სიტის თავდამსხმელმა იოზიპ დრმიჩმა უოტფორდთან ტრავმა მიიღო.

დრმიჩი ერთადერთი არ არის წამყვან ფეხბურთელებს შორის, რომელიც შვეიცარიის ნაკრებს საქართველოსთან დააკლდება. პეტკოვიჩი მომავალ შეხვედრებში (საქართველოს შემდეგ გიბრალტართან) ვერც ფაბიან შერს, ბრეელ ემბოლოს, სტივენ ცუბერს, ჯერდან შაჩირის და ადმირ მეჰმედის გამოიყენებს.

“საკადრო პრობლემები ნამდვილად გვაქვს. ზოგიერთ ფეხბურთელს კლუბებში ისე ხშირად არ ათამაშებენ, როგორც ვისურვებდი, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ჯანმრთელ მოთამაშეებს შორის საუკეთესო 23 გამოვიძახე,” - განაცხადა პეტკოვიჩმა შემადგენლობის დასახელებისას.

იტენი სხვა შემთხვევაა - მან ამ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა და ისიც ტვინის შერყევის გამო. სხვა მხრივ, 22 წლის ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის უქონლობას ნამდვილად არ უჩივის. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ პეტკოვიჩმა ის საქართველოს ნაკრებთან ძირითად შემადგენლობაში გაამწესოს. თანაც, შვეიცარიისა და საქართველოს მატჩი სენტ გალენში გაიმართება - იქ, სადაც იტენი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

სედრიკ იტენი

საქართველოსთან და გიბრალტართან მატჩებში შვეიცარიას მინიმუმ 4 ქულა სჭირდება იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური სხვებისგან დამოუკიდებლად გაინაღდოს.

“ამ მიზანს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. გიბრალტარი უქულოდაა და ჯგუფში ყველაზე სუსტია, საქართველოს ნაკრებმა კი ჩვენი ჯგუფის სხვა ფავორიტებთან დაამტკიცა, რომ სახიფათო და არაპროგნოზირებადი მეტოქეა,” - განუცხადა პეტკოვიჩმა შვეიცარიელ ჟურნალისტებს.

შვეიცარიის ნაკრებს საკადრო პრობლემები აქვს

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიამ თბილისში 2:0 მოიგო. ირლანდიასთან და დანიასთან საშინაო მატჩებში კი ვლადიმირ ვაისის გუნდმა უგოლო ფრეებს მიაღწია.

შვეიცარიის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის

მეკარეები: ივონ მვოგო (ლაიპციგი), იონას ომლინი (ბაზელი), იან ზომერი (გლადბახი).

მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ლორის ბენიტო (ბორდო), ერაი კომერტი (ბაზელი), ნიკო ელვედი (გლადბახი), მიკაელ ლანგი (ვერდერი), სტეფან ლიხტშტაინერი (აუგსბურგი), კევინ მბაბუ (ვოლფსბურგი), ჟაკ-ფრანსუა მუბანჯე (დინამო ზაგრები), რიკარდო როდრიგესი (მილანი).

ნახევარმცველები: დენის ზაკარია (გლადბახი), კრისტიან ფასნახტი (იანგ ბოიზი), ედიმილსონ ფერნანდესი (მაინცი), რემო ფროილერი (ატალანტა), ჯიბრილ სოუ (აინტრახტი), რენატო შტეფენი (ვოლფსბურგი), რუბენ ვარგასი (აუგსბურგი), გრანიტ ჯაკა (არსენალი), სედრიკ იტენი (სენტ გალენი).

ფორვარდები: ალბიან აიეტი (ვესტ ჰემი), ჰარის სეფეროვიჩი (ბენფიკა).

კომენტარები

ბოლო ამბები