Thumbnail
  • ‘გაძეტა დელო სპორტი’ რონალდოს გარშემო ვნებათაღელვაზე წერს
  • კაპელოს შემდეგ პორტუგალიელი კასანომაც გააკრიტიკა
  • თანაგუნდელები CR7-ის ბოდიშს ელოდებიან

მილანთან მოგებულ მატჩში (1:0) იუვენტუსის სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ სტადიონი ნაადრევად დატოვა და ტურინულ კლუბში ამის გამო ვნებათაღელვაა. მანამდე, პორტუგალიელმა მოედანიც უკმაყოფილომ დატოვა - მას არ მოეწონა, რომ იუვეს მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ნაადრევად შეცვალა. მართალია, სარიმ კრიშტიანო არ გაამტყუნა, მაგრამ იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის სხვა ფეხბურთელები ნაწყენები არიან.

მილანთან მატჩში, რონალდოს ნაცვლად მოედანზე დიბალა შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა

‘გაძეტა დელო სპორტი’ წერს, რომ თანაგუნდელები რონალდოსგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ - როგორც კი CR7 პორტუგალიის ნაკრებიდან დაბრუნდება. სოლიდური გამოცემა წერს, რომ მომხდარის გაანალიზება-გარკვევას ითხოვენ იუვენტუსის ხელმძღვანელებიც. როგორც ირკვევა, იუვეს ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა და სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ამ თემაზე უკვე ილაპარაკეს რონალდოს მრჩეველ ჟორჟე მენდეშთან.

სტადიონის ნაადრევად დატოვების გამო რონალდო უკვე გააკრიტიკეს ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ანტონიო კასანომ. კაპელოს კომენტარი უკვე შემოგთავაზეთ, კასანომ კი თქვა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება.

კასანო: ასე მოქცევა არ შეიძლება!

“კარგად მახსოვს, 12 წლის წინ ფაბიო კაპელომ რომაულ დერბიში შემცვალა. ძალიან გავბრაზდი და სტადიონიდან წავედი, მაგრამ კლუბიდან დამირეკეს და მაშინვე დამაბრუნეს, რადგან არ უნდოდათ, გაერისკათ. საქმე ისაა, რომ მატჩების შემდეგ დოპინგ-ტესტები ტარდება, არასაპატიო მიზეზით გაცდენა კი 2-წლიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს,” - განაცხადა კასანომ.

თვითონ რონალდოს სტადიონის ნაადრევი დატოვების შესახებ არაფერი უთქვამს. მან ორშაბათს პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მილანთან მატჩს ასე გამოეხმაურა: “რთული თამაში, მნიშვნელოვანი გამარჯვება! #finoallafine”

 

კომენტარები

ბოლო ამბები